"ჰიუსტონმა" "მინესოტას" მეორე მატჩიც მოუგო
"ჰიუსტონმა" "მინესოტას" მეორე მატჩიც მოუგო
სერიაში 2-0 დაწინაურდა “ჰიუსტონ როკეთსი”. დასავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა და ჩემპიონობის ერთერთმა კანდიდატმა საკუთარ არენაზე “მინესოტას” სერიის მეორე შეხვედრა 20 ქულიანი უპირატესობით მოუგო.
პირველი მატჩისგან განსხვავებით საკმაოდ მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა ჯეიმს ჰარდენს. ტეხასელთა ლიდერმა 12 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში. კარგი მატჩი ჩაატარა კრის პოლმა (27 ქულა, 3 მოხსნა, 8 პასი), ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯერალდ გრინმა (21 ქულა, 12 მოხსნა). ტრევორ არიზას მონაგარი 15 ქულაა.
კლინტ კაპელამ კი საკუთარ გუნდს 8 ქულა და 16 მოხსნა შესძინა. მინესოტელთა შორის ყველაზე მეტი 16 ქულა ნემანია ბიელიცას ანგარიშზეა. 13 ქულა დააგროვა ენრიუ ვიგინსმა. 11 ქულით დაასრულა მატჩი ჯიმი ბატლერმა. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ “ჰიუსტონი” სერიაში 2-0 ლიდერობს. მომდევნო შეხვედრა მინეაპოლისის “თარგეთ ცენტრში” 22 აპრილს ჩატარდება.