„ჰიუსტონმა“ „გოლდენ სტეიტს“ ჰარდენის გარეშე მოუგო - „ოკლაჰომას“ მოულოდნელი საშინაო მარცხი
„ჰიუსტონმა“ „გოლდენ სტეიტს“ ჰარდენის გარეშე მოუგო - „ოკლაჰომას“ მოულოდნელი საშინაო მარცხი

მიმდინარე რეგულარულ სეზონში, „ჰიუსტონ როკეტსმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო „გოლდენ სტეიტ უორიორზსს“. დღევანდელი მოგება კიდევ უფრო დასაფასებელია, რადგან ტექსასელებმა მოქმედი ჩემპიონი სტუმრად, ჯეიმს ჰარდენის გარეშე დაამარცხეს. მაიკ დანტონიმ გუნდის ლიდერს დასვენების საშუალება მისცა. ჰარდენის არყოფნაში, კრის პოლმა გაიბრწყინა. ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა 23 ქულასთან ერთად, 17 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. რაც მთავარია, პოლმა ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ჩამოარიგა პასები და მნიშვნელოვანი ტყორცნები გამოიყენა. სტუმრები, თავიდან 15-0 გაექცნენ მეტოქეს, რასაც თამაშის მსვლელობის დროს, 17 ქულიანი ჰანდიკაპიც მოჰყვა. გოლდენ სტეიტმა ტრადიციულად ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა, თუმცა ბოლო წუთებზე, სტუმრებმა ისევ პერიმეტრი გაააქტიურეს და რამდენიმე მნიშვნელოვანი ტყორცნა გამოიყენეს. ჯამში „როკეტსმა“ მეტოქეს 16 სამქულიანი ჩაუგდო. საბოლოოდ, 118-112 ჰიუსტონელთა სასარგებლოდ. კრის პოლთან ერთად, ორმაგი დუბლები შეასრულეს კენეტ ფარიდმა (20 ქულა, 10 მოხსნა) და პიჯეი ტაკერმა (18 ქულა 10 მოხსნა). ერიკ გორდონი კი საკუთარ გუნდში საუკეთესო ბომბარდირი გახდა 25 ქულით. დამარცხებულთა შორის 29 ქულით კევინ დიურანტი გამოირჩა.


საკმაოდ მოულოდნელი მარცხი განიცადა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ოკლაჰომამ. ბილი დონოვანის გუნდმა, საკუთარ დარბაზში, საკრამენტოსთან 116-119 წააგო. „თანდერი“ ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია და დღევანდელი შედეგი, რთულად პროგნოზირებადი იყო. „კინგზი“ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა. ბოლო წუთებზე, რასელ ვესტბრუკის კარგი თამაშის წყალობით, შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნდა. ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი, ვესტბრუკის შეტევაში მიღებული ჯარიმა გამოდგა, როდესაც უკანახაზელმა, ბურთი ჩააგდო და თითქოს მეტოქეს ფოლიც მიაღებინა, თუმცა მსაჯებმა საკმაოდ საკამათო სიტუაციაში, შეტევაში ჯარიმა დააფიქსირეს. არბიტრების ეს საჩუქარი, სტუმრებმა ბოლომდე შეირგეს და პრინციპული თამაში მოიგეს. საკრამენტოელებს ბადი ჰილდმა ულიდერა 34 ქულით. ვესბტრუკის მონაგარმა 41 ქულა და 10 მოხსნა შეადგინა. „კინგზი“ პლეი-ოფის საგზურისთვის იბრძვის და აღნიშნულ ზონას, მხოლოდ ორი მოგებით ჩამორჩება. ოკლაჰომა, წაგების მიუხედავად, ამავე კონფერენციაში, მესამე ადგილზეა.


დღესვე, ფაჩულიაც „დეტროიტმა“, სტუმრად „მაიამი“ ანგარიშით 119-96 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა: 4 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა.

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ კი გასვლაზე, აუტსაიდერ ნიუ ორლეანს „პელიკანსთან“ 115-128 წააგო და საპლეიოფო შანსები კიდევ უფრო შეიმცირა.