„ჰიუსტონმა“ „დენვერი“ გაანადგურა - „დეტროიტმა“ უშუალო კონკურენტს მოუგო [ვიდეო]
„ჰიუსტონმა“ „დენვერი“ გაანადგურა - „დეტროიტმა“ უშუალო კონკურენტს მოუგო [ვიდეო]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. დასავლეთის ცენტრალური მატჩი, „ტოიოტა ცენტრში“ შედგა, სადაც „ჰიუსტონ როკეტსმა“ „დენვერ ნაგეტსი“ მიიღო. პლეი ოფში თამაში, ორივე გუნდს გარანტირებული აქვს. „დენვერს“ პირველობის შანსიც აქვს, ჰიუსტონელები კი, მინიმუმ მესამე ადგილისთვის იბრძვიან, თუმცა დარჩენილ ტურებში წარმატების შემთხვევაში, თეორიულად, გალიდერებაც შეუძლიათ.

მაიკ დ ანტონის გუნდმა მეტოქესთან მხოლოდ პირველი მეოთხედი წააგო (22-25). ამის შემდეგ, მასპინძელთა სრული დომინაცია დაფიქსირდა. გარდამტეხი მომენტი მეორე პერიოდში იყო, რომელიც „როკეტსმა“ 40-19 მოიგო. ეს უპირატესობა ტექსასურმა კლუბმა ბოლომდე განავითარა და საბოლოოდ 112-85 გაანადგურა ლიგის ერთ-ერთი ლიდერი. შეუჩერებელი იყო ჯეიმს ჰარდენი. სეზონის მთავარმა ბომბარდირმა 38 ქულა ქულა გააკეთა. „როკეტსი“ ჯერჯერობით მეოთხე ადგილზე იმყოფება. „დენვერმა“, მარცხის მიუხედავად, მეორე პოზიცია შეინარჩუნა და ლიდერ „გოლდენ სტეიტს“, ერთი მოგებით ჩამორჩება.


აღმოსავლეთ კონფერენციაში სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს დარჩენილი საპლეიოფო საგზურისთვის. დღეს დილით, პრინციპული მატჩი მოიგო „დეტროიტ პისტონსმა“. დუეინ კეისის გუნდმა, საკუთარ მოედანზე, უშუალო კონკურენტი, „ორლანდო მეჯიქი“ დიდი სხვაობით, ანგარიშით 115-98 დაამარცხა. მიჩიგანელებს მაიამიდან გადასულმა, ვეინ ელინგტონმა ულიდერა 25 ქულით. ბლეიკ გრიფინის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 20 ქულა და 10 მოხსნა. ზაზა ფაჩულიას დიდი სათამაშო დრო კვლავ არ დაეთმო. ქართველმა ცენტრმა თითო ქულა და მოხსნა მოიპოვა. „პისტონსი“ მეექვსე ადგილზეა და საკმაოდ რეალური შანსი აქვს საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის, თუმცა იქვე არიან, მაიამი, ბრუკლინი და ორლანდო.

მომდევნო ტურში დეტროიტელები საკუთარ მოედანზე „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ უმასპინძლებენ.