ჰიუსტონის მოულოდნელი მარცხი - ოკლაჰომამ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო
10:48, 30.01.2019
„ჰიუსტონროკეტსმა“ დასავლეთ კონფერენციის ერთერთ აუტსაიდერთან, ნიუ ორლეანს „პელიკანსთან“ საშინაო მარცხი განიცადა. „ტოიტოტა ცენტრში“ გამართული შეხვედრის დიდი ნაწილი, მასპინძლებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს და თითქოს, წაგების არანაირი საფრთხე არ არსებობდა. მთავარი ვარსკვლავის და ლიდერის, ენტონი დევისის გარეშე მოთამაშე სტუმრებმა გარდამტეხი გაქცევა მესამე მეოთხედის ბოლოს და მეოთხე მეოთხედის სტარტზე შეძლეს, რის შემდეგაც მეტოქეს დაწევის საშუალება აღარ მისცეს.
საბოლოოდ 121-116 ელვინ ჯენტრის გუნდის სასარგებლოდ. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ჯალილოკაფორმა. „პელიკანსის“ ცენტრმა 27 ქულით და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ჯეიმს ჰარდენმა ჰიუსტონს 37 ქულით და 11 მოხსნით ულიდერა. ტექსასური კლუბი მეხუთე ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში „დენვერნაგეტსს“ სტუმრად დაუპირისპირდება. „ნიუ ორლეანსი“ დასავლეთში მეთორმეტეა.
ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო ოკლაჰომამ. „თანდერმა“ გასვლაზე „ორლანდო მეჯიქი“ 126-117 დაამარცხა. „ემვეი ცენტრში“ ჩატარებულ შეხვედრაში პოლ ჯორჯი დომინირებდა. სტუმართა ფორვარდმა, პირველივე ტაიმში 31 ქულა მოიპოვა, რასაც მეორე ნახევარში 6 ქულა მიამატა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში შეასრულა სამმაგი დუბლი რასელ ვესტბრუკმა. ლიგის ერთერთმა საუკეთესო უკანახაზელმა 23 ქულა, 14 მოხსნა და 14 პასი ჩაიწერა აქტივში.
დაძაბულ ბოლო წუთებზე „ოქეისის“ დენის შრიოდერიც მიეხმარა. გერმანელმა გამთამაშებელმა დასკვნით პერიოდში 12 ქულა აიღო, ჯამში კი 21 ქულას მოუყარა თავი. ბილი დონოვანის გუნდი, დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას, კიდევ ერთი ფლორიდული გუნდის, „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.