ჰიუსტონის დამაჯერებელი სტარტი პლეიოფში, პორტლენდი ოკლაჰომასთან სერიაში დაწინაურდა
ჰიუსტონის დამაჯერებელი სტარტი პლეიოფში, პორტლენდი ოკლაჰომასთან სერიაში დაწინაურდა

დასავლეთ კონფერენციის პლეიოფი სეზონის ერთ-ერთმა ფავორიტმა ჰიუსტონ „როკეტსმა“ დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა. ტეხასურმა კლუბმა საკუთარ „ტოიოტა ცენტრში“ იუტა „ჯაზი“ დიდი სხვაობით, ანგარიშით 122:90 დაამარცხა. ჯეიმს ჰარდენმა სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა. რეგულარული სეზონის საუკეთესო მექულემ 29 ქულა, 10 გადაცემა და რვა მოხსნა გააკეთა. 16 ქულით და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კლინტ კაპელამ. ჰიუსტონელებმა საგრძნობი უპირატესობა პირველსავე ტაიმში მოიპოვეს, ბოლო მეოთხედში კი მეტოქე ანგარიშით 39:19 გაანადგურეს. „როკეტსი“ სერიის მეორე მატჩს კვლავ საკუთარ დარბაზში გამართავს.

პორტლენდმა „მოდა ცენტრში“ ოკლაჰომა „სითი თანდერი“ ანგარიშით 104:99 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა. NBA-ს წლევანდელ პლეიოფში, სპეციალისტების აზრით, ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი წყვილი სწორედ ამ გუნდებმა შეადგინეს და თითოეულ შეხვედრაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო თამაშია მოსალოდნელი. სერიის პირველი დაპირისპირებაც გარდამავალი უპირატესობით აღინიშნა. ბოლოს წუთებზე მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ. დემიენ ლილიარდმა „ტრეილ ბლეიზერსს“ ყველაზე საჭირო მომენტებში უწინამძღოლა და მნიშვნელოვანი ტყორცნები გამოიყენა. ლილიარდის ანგარიშზე 30 ქულა დაფიქსირდა. სტუმართა შორის სამმაგი დუბლი შეასრულა რასელ ვესტბრუკმა. უკანახაზელმა 24 ქულა, 10 მოხსნა და 10 გადაცემა მიითვალა. პოლ ჯორჯის ანგარიშზე 26 ქულა და 12 მოხსნა დაფიქსირდა. სერიის მეორე შეხვედრა ისევ პორტლენდში შედგება.