ჰიტცფელდის თანაშემწემ ტალანტებით საქართველო სამხრეთ ამერიკას შეადარა, მაგრამ გარემო არ მოეწონა
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ცნობილი შვეიცარიელი სპეციალისტის, ოლდრიხ შვაბის ცხრა წლისწინანდელი სტუმრობა გაიხსენა. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, შვეიცარიელმა სპეციალისტმა საინტერესო დასკვნები გააკეთა, რაც დღესაც აქტუალურია.
„2011 წელს საქართველოში იმყოფებოდა ოლდრიხ შვაბი – ცნობილი გერმანელი სპეციალისტის, ოტმარ ჰიცფელდის პირადი სკაუტი სამხრეთ ამერიკაში. მან ბევრი ცნობილი მოთამაშე აღმოაჩინა და ამიტომ ვთხოვე საქართველოში ჩამოსულიყო, რადგან მაინტერესებდა მისი თვალით დანახული ქართული ფეხბურთი და რა რესურსი გვქონდა. შვაბი იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში და ძალიან დიდი რეპორტი მოამზადა. იცით, მერე პირადად რა მითხრა? ტალანტების რაოდენობით საქართველოს ბრაზილიას, არგენტინას და ურუგვაის შევადარებდიო. კაცი განცვიფრებული იყო, ნიჭიერი ბავშვები მასობრივად თვალში მხვდებოდნენო, მაგრამ ასეთ გარემოში განვითარების შანსი არ აქვთ, მხოლოდ 1 % თუ გაიზარდებაო“, – იხსენებს ყაველაშვილი.
მისი თქმით, ყველაფრის მიზეზი არსებული გარემო იყო: „შვაბმა ნახა საქართველოში არსებული მიდგომები ბავშვთა ფეხბურთში, მწვრთნელების მუშაობა, მოედნები, ინფრასტრუქტურა, თუნდაც მშობლების დამოკიდებულება – შვაბი ყველაფერს კომპლექსურად უდგებოდა. მისი ნათქვამია, ასეთი გარემო მოთამაშის გაზრდას ხელი კი არ უწყობს, პირიქით, ხელს უშლისო. ამიტომ აქცენტი მოთამაშეების აღზრდადაზე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ისეთ კლუბებს ვერ შექმნით, რომლებიც პრემიერლიგის დონეზე ითამაშებენ. ამიტომ ტალანტების აღზრდის სისტემა უწყვეტი უნდა იყოს და 17-18 წლის ქართველმა ბავშვმა ბელგიასა და გერმანიაში გაზრდილს კონკურენცია უნდა გაუწიოს. ის ევროპაში უნდა წავიდეს და ადგილი დაიმკვიდროს“.
ყაველაშვილმა 2014 წელს თანამოაზრეებთან ერთად წარმოდგენილი პროგრამა „ფეხბურთის ფაბრიკა“ გაიხსენა: „პროგრამაში სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე იყო ლაპარაკი. ჩვენ მაშინ დავიანგარიშეთ, ინფრასტრუქტურის გარეშე, პროფესიულ საფეხბურთო გუნდს რა მინიმალური ბიუჯეტი და პირობები უნდა ჰქონოდა, ფეხბურთელების გაზრდის ნორმალური პირობები რომ მისცემოდა. დღეს ამ პირობებს, ალბათ, მაქსიმუმ ორი გუნდი აკმაყოფილებს. კლუბებში მინიმალური მოთხოვნების ზღვარს თუ არ შევქმნით, დონეს ვერ გავზრდით და ფეხბურთს ვერ განვავითარებთ. საფეხბურთო განვითარების პროგრამაში აქცენტი ამაზე უნდა იყოს“.
ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ საკლუბო დონის გასაზრდელად სპეციალური ორგანიზაციის დაფუძნება აუცილებელია: „საფეხბურო სისტემის ასამოქმედებლად აუცილებელია პროფესიული ფეხბურთის ლიგის ჩამოყალიბება. ყველა წარმატებული საფეხბურთო ლიგა ასეთ ორგანიზაციაზე დგას. ფეხბურთის განვითარების ფონდით კლუბებს ვერ მართავ – ეს შეუძლებელია“.