ჰემილტონის არყოფნაში, საჰირის გრანპრი სერხიო პერესმა მოიგო (ვიდეო)
ჰემილტონის არყოფნაში, საჰირის გრანპრი სერხიო პერესმა მოიგო (ვიდეო)

„რეისინგ პოინტის“ მექსიკელმა ვეტერანმა სერხიო პერესმა ფანტასტიკური გამარჯვება მოიპოვა საჰირის გრანპრიზე – პირველ წრეზე შეჯახების შემდეგ, ის ბოლო ადგილზე აღმოჩნდა, მაგრამ პირველ პოზიციამდე გაიკვლია გზა. თუმცა, პერესის ეს გამარჯვება შეიძლება არ ყოფილიყო, „მერსედესს“ იშვიათი შეცდომა რომ არ დაეშვა პიტსტოპის დროს.

როგორც ცნობილია, კორონავირუსით დაინფიცირებულ მსოფლიოს ჩემპიონ ლუის ჰემილტონს საჰირში „უილიამსის“ პილოტი ჯორჯ რასელი ცვლიდა. ბრიტანელმა მეორე პოზიციიდან აიღო სტარტი და ლიდერი გახდა. მან შეინარჩუნა პირველი ადგილი რესტარტის შემდეგაც, რომელიც საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც პირველ წრეზე მაქს ფერსტაპენი და შარლ ლეკლერი გამოეთიშნენ ბრძოლას. რბოლის პირველ ნახევარში რასელი ინარჩუნებდა 2-3-წამიან უპირატესობას. ფინიშამდე 40 წრით ადრე, ის „ჰარდის“ საბურავზე გადავიდა და ტემპი გაზარდა. მისი უპირატესობა თანაგუნდელ ვალტერი ბოტასთან რვა წამამდე ავიდა.

ფინიშამდე 24 წრით ადრე, უსაფრთხოების მანქანა გავიდა ტრასაზე. ამ დროს, „მერსედესმა“ თავის ორივე პილოტს უხმო ბოქსებში და სწორედ იქ მოხდა რბოლის გადამწყვეტი მომენტი: გერმანულ გუნდში აერიათ ბოტასისა და რასელის საბურავების კომპლექტები. შეცდომას მიხვდნენ მხოლოდ ბოტასის პიტსტოპისას – ფინელი ბოქსებში თითქმის ნახევარი წუთი შეაყოვნეს, სანამ გუნდი სიტუაციაში ერკვეოდა და უკან უყენებდა ძველ საბურავებს. რასელმა კი მთელი წრე გაიარა შერეული კომპლექტით და უკან ბოქსებში დაბრუნდა, რითაც ბოტასთან პოზიცია დათმო.

რესტარტის შემდეგ პირველი იყო სერხიო პერესი, რომელსაც ესტებან ოკონი და ლენს სტროლი მიყვებოდნენ. 70-ე წრეზე რასელმა ლამაზი მანევრით გაუსწრო ბოტასს და მეოთხე ადგილზე გადავიდა, შემდეგ უკან ჩამოიტოვა სტროლი და ოკონი და მეორე ადგილზე აღმოჩნდა. თითქოს ისე ჩანდა, რომ ახალი საბურავებით რასელი იოლად გაუსწრებდა პერესსაც, მაგრამ ფინიშამდე ცხრა წრით ადრე, ისევ ბოქსებში შევიდა, რადგან საბურავი იშვებდა. რიგით მეოთხე პიტსტოპის შემდეგ, რასელი ქულათა ზონიდან გავარდა და მხოლოდ მეცხრე ადგილამდე ასვლა შეძლო.

პერესს ისღა რჩებოდა რბოლა დამსახურებულ გამარჯვებამდე მიეყვანა და მან ეს 10-წამიანი უპირატესობით შეძლო. ეს მისთვის პირველი გამარჯვება იყო კარიერაში, ხოლო მეორე ადგილზე გასული ესტებან ოკონი კარიერაში პირველად ავიდა პოდიუმზე.

 

საჰირის გრანპრი

  1. სერხიო პერესი (მექსიკა, Racing Point) – 1:31.15,114
  2. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, Renault) – +10,518
  3. ლენს სტროლი (კანადა, Racing Point) – +11,869
  4. კარლოს საინსი (ესპანეთი, McLaren) – +12,580
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, Renault) – +13,330
  6. ალექსანდრ ალბონი (ტაილანდი, Red Bull) – +13,842
  7. დანიილ კვიატი (რუსეთი, AlphaTauri) – +14,534
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, Mercedes) – +15,389
  9. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, Mercedes) – +18,556
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, McLaren) – +19,541
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, AlphaTauri) – +20,527
  12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, Ferrari) – +22,611
  13. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, Alfa Romeo) – +24,111
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, Alfa Romeo) – +26,153
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, Haas) – +32,370
  16. ჯეკ აიტკენი (ბრიტანეთი, Williams) – +33,674
  17. პიეტრო ფიტიპალდი (ბრაზილია, Haas) – +36,858
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, Williams) – უფინიშოდ
  19. მაქს ფერსტაპენი (ნიდერლანდები, Red Bull) – უფინიშოდ
  20. შარლ ლეკლერი (მონაკო, Ferrari) – უფინიშოდ

 

საერთო ჩათვლა

  1. ჰემილტონი – 332 ქულა
  2. ბოტასი – 205
  3. ფერსტაპენი – 189
  4. პერესი – 125
  5. რიკარდო – 112
  6. ლეკლერი – 98
  7. საინსი – 97
  8. ალბონი – 93
  9. ნორისი – 87

10. სტროლი – 74