ჰარისმა კარის აჯობა, დიალომ ჩატენვების კუნკურსი მოიგო
12:26, 17.02.2019
შარლოტში მიმდინარე ყველა ვარსკვლავის (All Star) კვირეულზე, დღეს დილით ტრადიციული კონკურსები გაიმართა. ჩატენვების შეჯიბრში ოკლაჰომა „სითი თანდერის“ უკანახაზელმა, ჰამიდუ დიალომ გაიმარჯვა. დიალომ ფინალში, ნიუ იორკ „ნიქსის“ გამთამაშებელს, დენის სმიტსს აჯობა.
სამქულიანების კონკურსში ჯო ჰარისი გახდა საუკეთესო. ბრუკლინ „ნეტსის“ მსროლელმა, გადამწყვეტ რაუნდში, საკრამენტო „კინგზის“ დამცველს, ბადი ჰილდს და კონკურსის მთავარ ფავორიტს, გოლდენ სტეიტ „უორიორზის“ ლიდერს, სტეფ კარის აჯობა. ჰარისმა, ბოლო ცდაზე, 26 ქულა მოაგროვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და „ნეტსის“ კალათბურთელი პირველად გახდა აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული.
ბარიერების დაძლევაში (Skills Challenge) ბოსტონ „სელტიქსის“ ფორვარდმა, ჯეისონ ტეიტუმმა გაიმარჯვა. ლიგის ერთერთმა ყველაზე პერსპექტიულმა მოთამაშემ, ფინალში ატლანტა „ჰოქსის“ მცველი, ტრეი იანგი დაამარცხა.
ყველა ვარსკვლავის კვირეული, ტრადიციულად, მთავარი შეხვედრით დასრულდება, რომელშიც ერთმანეთს ლებრონ ჯეიმსის და იანის ანტეტუკონმპოს გუნდები დაუპირისპირდებიან. თამაში თბილისის დროით დილის 5 საათიდან დაიწყება.