ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის განცხადებით, ჰარი კეინს არანაირი სასჯელი არ ემუქრება.
პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში, ჩელსის წინააღმდეგ მიმდინარე მატჩის დროს, ინგლისის ნაკრების კაპიტანსა და ჩელსის ფეხბურთელ სესარ ასპილიკუეტას შორის მცირე ინციდენტი მოხდა, თუმცა ხელჩართულ ჩხუბამდე საქმე არ მისულა.
ტელეეკრანებზე გამოჩნდა, რომ ჰარი კეინი ესპანელი ლეგიონერის მიმართულებით აგრესიულად მიიწევდა და ფეხბურთელებმა ერთმანეთის მიმართ უხეში გამონათქვამებიც არ დაიშურეს.
მატჩის მთავარი მსაჯი ანდრე მარინერი იძულებული გახდა, ჩარეულიყო და სიტუაცია მალე ჩაცხრა.
ინგლისის ნაკრების კაპიტანს აგრესიული ქმედებისთვის დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა მარინერის მოხსენებითი ბარათის გაცნობის შემდეგ, ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, სადამსჯელო ზომები არ გაატაროს.
შესაბამისად, შაბათს დაგეგმილ ლონდონურ დერბიში, რომელშიც ტოტენჰემი არსენალს დაუპირისპირდება, ჰარი კეინი მოედანზე გასასვლელად მზად იქნება და შეეცდება, გუნდს ორმატჩიანი წაგებების სერია შეაწყვეტინოს.
შეგახსენებთ, რომ მატჩი, რომელშიც ზემოხსენებული ინციდენტი მოხდა, ჩელსის გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.