ჰარი კეინმა დეკემბრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა - „ტოტენჰემმა“ „ვესტ ჰემი“ დაამარცხა [ვიდეო]
ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონური დერბი გაიმართა – „ტოტენჰემმა“ საკუთარ არენაზე ანგარიშით 2:0 დაამარცხა „ვესტ ჰემი“.
ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, თუმცა, მასპინძლებმა პირველ ნახევარშიც გაიტანეს, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, ჰეონ-მინ სონს გოლი არ ჩაუთვალეს. ანგარიში მეორე ტაიმის შუაში გაიხსნა: 64-ე წუთზე „ვესტ ჰემის“ მცველმა ტომაშ სოუჩეკმა ქუსლით ეფექტურად გაიტანა საკუთარ კარში. 82-ე წუთზე უპირატესობა გაზარდა ჰარი კეინმა, რომელსაც შედეგიანი პასი სონმა მისცა. კეინისთვის ეს იყო პირველი გოლი პრემიერლიგაში 28 დეკემბრის შემდეგ.
„ტოტენჰემმა“ 45 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე გადავიდა ცხრილში. ჟოზე მოურინიოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონას ექვსი ქულით ჩამორჩება.