ჰარდენის მორიგი ბენეფისი, საკრამენტოს ბოგდანოვიჩმა უკანასკნელ წამზე მოაგებინა
ჰარდენის მორიგი ბენეფისი, საკრამენტოს ბოგდანოვიჩმა უკანასკნელ წამზე მოაგებინა

ხუთი შეხვედრით გაგრძელდა NBA-ს რეგულარული სეზონი. ბოლო პერიოდში შეუჩერებელია ჰიუსტონ „როკეტსი“. მაიკ დანტონის გუნდმა ამჯერად საკუთარ „ტოიოტა ცენტრში“ ბოსტონ „სელტიქსი“ მიიღო და, ჰარდენის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, მეტოქე 127-113 დაამარცხა. ჰიუსტონელთა ლიდერი, ბოლო პერიოდში, საშუალოდ 37 ქულას აგროვებს. ბოსტონის წინააღმდეგ ჰარდენმა 45 ქულა გააკეთა. კრის პოლის გარეშე მოთამაშე „როკეტსმა“ მეტოქე თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრა. მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა კლინტ კაპელამ. ტეხასური კლუბის ცენტრმა, 24 ქულასთან ერთად, 18 მოხსნა მოიპოვა. „სელტიქსის“ შემადგენლობაში კაირი ირვინგი გახლდათ საუკეთესო, 23 ქულით და 11 შედეგიანი გადაცემით.

ბოგდან ბოგდანოვიჩმა საკრამენტოს უკანასკნელ წამზე მოაგებინა. „კინგზის“ სერბმა ლეგიონერმა ლოს-ანჯელეს „ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში პერიმეტრიდან ბურთი საფინალო სირენასთან ერთად გაუშვა და თავის გუნდს ანგარიშით 117-116 გაამარჯვებინა. ჯამში ბოგდანოვიჩმა 23 ქულა მოაგროვა და ამ მაჩვენებლით საკრამენტოში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ლებრონ ჯეიმსის არყოფნაში, სტუმართა შორის ლიდერობა ახალგაზრდა კაილ კუზმამ იტვირთა, რომელმაც 33 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა. „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. „კინგზი“, ამ მოგების შემდეგ, საპლეიოფო ზონას კვლავ მიუახლოვდა.

მორიგი თამაში წააგო გოლდენ სტეიტმა. მოქმედმა ჩემპიონმა, რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში, საკუთარ „ორეკლ არენაზე“ პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსთან“ განიცადა მარცხი, ანგარიშით 109-110. სტუმრებს გამარჯვება ბოლო წამებზე დემიენ ლილიარდმა სამქულიანი ტყორცნით მოუტანა. აღსანიშნავია, რომ „ვორიორზმა“ უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან მესამე მატჩი წააგო. სტივ კერის გუნდი, ჯერჯერობით, დასავლეთში მეორე პოზიციას ინარჩუნებს.

 

მილუოკი-ნიუ იორკი 112-96
იუტა-ფილადელფია 97-114