ჰანს კლუგე - რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემის განადგურების მცდელობა ამ ზამთარს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის
ჰანს კლუგე - რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემის განადგურების მცდელობა ამ ზამთარს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემის განადგურების მცდელობა ამ ზამთარს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ნახევარი დაზიანებული ან განადგურებულია. ამას უკვე აქვს გავლენა ჯანდაცვის სისტემაზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ზამთარს ხალხის წინაშე გადარჩენის საკითხი დადგება“, – განაცხადა კლუგემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, ამ ზამთარს კიდევ ორმა ან სამმა მილიონმა უკრაინელმა შესაძლოა, საკუთარი სახლი დატოვოს „სითბოსა და უსაფრთხოების“ ძიებაში. გათბობისა და ელექტროენერგიის უქონლობის პირობებში, მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს სასუნთქი გზების ინფექციები, „კოვიდი“ და გრიპი.

კლუგეს განცხადებით, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების გამო, უკრაინაში ასობით საავადმყოფო და სხვა სამედიცინო დაწესებულება ვერ ფუნქციონირებს ნორმალურად. „ინკუბატორები სამშობიაროებში, სისხლის შესანახი მაცივრები, ინტენსიური თერაპიის პალატების აპარატები — ეს ყველაფერი ელექტროენერგიაზე მუშაობს“, – აღნიშნა კლუგემ.