დინო ჰამზიჩი საჩხერის „ჩიხურადან“ წასვლის შემდეგ დიდი ხანი უგუნდოდ იყო, საბოლოოდ კი კარიერის სამშობლოში გაგრძელება გადაწყვიტა.
32 წლის ჰამზიჩი სარაევოს „ოლიმპიაში“ ჩაირიცხა, სადაც კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა – დინო ამ კლუბში 2012-2014 წლებში გამოდიოდა და კარგი სახელიც მოიპოვა, ამის შედეგად კი პოლონურ „ვიძევში“ მიიწვიეს.
დინო ჰამზიჩი „ჩიხურას“ 2016 წლის მარტში შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ ჰამზიჩი საქართველოს ჩემპიონატის მეკარეებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მისი ტრანსფერი გუნდს ძალიან წაადგა.
2017 წლის 2 დეკემბერს, საჩხერის „ჩიხურას“ ბოსნიელმა მეკარემ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედოსთან” გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა – პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია და საჩხერელებს თასი მოაპოვებინა. ჰამზიჩმა კარიერაში მეორე ტიტული მოიგო და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ბოსნიელმა მეკარემ საქართველო ეროვნულ ლიგაში საჩხერეს „ჩიხურას“ ფორმა წელს 2-ჯერ მოირგო, მაგრამ ფინანსურ საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გუნდი პანდემიით გამოწვეული პაუზის დროს დატოვა.