გიორგი ჩაკვეტაძემ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „ჰამბურგში“, რომელიც ამხანაგურ მატჩში დანიურ კლუბს, „მიდტიულანდს“ დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი დანიელებმა უკეთ ჩაატარეს და დიდი უპირატესობით მოიგეს – 4:1.
გიორგი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. ქართველმა შემტევმა „ჰამბურგში“ 7-ნომრიანი მაისურა მოირგო – გიორგი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მისთვის ჩვეულ პოზიციაზე, მარცხენა შემტევის როლში დააყენა, მაგრამ მალე მოედნის ცენტრში შეწია.
დანიელების შემადგენლობაში გამოჩნდა ბრაზილიის ნაკრებში ნათამაშები 37 წლის ვაგნერ ლავი, რომელიც წარსულში ისეთი გუნდების ღირსებას იცავდა, როგორებიცაა „პალმეირასი“, „ცსკა“, „ფლამენგო“, „კორინთიანსი“, „მონაკო“ და „ბეშიქთაში“, ბრაზილიის ნაკრებში კი 20 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.
საბოლოოდ, ქართველი შემტევის ახალმა გუნდმა შეხვედრა ისე არეულად ჩაატარა, მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა – „ჰამბურგმა“ 1:5 წააგო და ჩაკვეტაძესაც საგოლე გადაცემით და გოლით თავი არ გამოუჩენია.
22 წლის ქართველი შემტევი „ჰამბურგში“ ბელგიური კლუბ „გენტიდან“ გადავიდა და საიჯარო კონტრაქტი ზაფხულამდე გააფორმა. მისი ხელშეკრულება ძალაში 2022 წლის 30 ივნისამდეა. „ჰამბურგი“ მეორე ბუნდესლიგაში მე-5 ადგილზეა. გუნდი საგაზაფხულო ეტაპს 6 თებერვალს გასვლაზე „დარმშტადტთან“ მატჩთ განაახლებს.