„ჰამბურგის“ მწვრთნელმა ჩაკვეტაძეზე ილაპარაკა - ბოლო ორი წელი მხოლოდ უარყოფითი გამოცდილება ჰქონდა #1TVSPORT
პოპულარულმა გერმანულმა გამოცემა „კიკერმა“ „ჰამბურგის“ ახალწვეულის, გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ტიმ ვალტერის დამოკიდებულებაზე წერილი გამოაქვეყნა და მას კომენტარი ჩამოართვა.
„კვირას „დარმშტადტთან“ მატჩამდე „ჰამბურგის“ მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა ახალბედა გიორგი ჩაკვეტაძეს იმედი მისცა, რომ ქართველ ჯოკერს გამოიყენებდა. მანამდე ჩაკვეტაძემ „მიდტილანდთან“ ამხანაგურ მატჩში (1:5) ახალ კლუბში პირველად ათამაშა. თუმცა, პარასკევს, ლიდერ „დარმშტადტთან“ მატჩამდე გიორგის თამაშის ნაკლები მოლოდინი ჰქონდა“ – წერს „კიკერი“.
„ჩაკვეტაძეს მეტი დრო დასჭირდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში მის გარშემო ხომ მხოლოდ ნეგატიური ამბები ხდებოდა“, – ამბობს მწვრთნელი და 22 წლის მოთამაშის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„ჩაკვეტაძე „გენტში“ ისე არ გამოიყენეს, როგორც მას სურდა. ამას გარდა, ტრავმებსაც ებრძოდა. მას აქვს პოტენციალი, ამიტომ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ“, – აცხადებს ვალტერი.
„ჰამბურგის“ მწვრთნელი ქართველს ასე ახასიათებს:
„ტექნიკურად ძლიერი და მოქნილი თავდამსხმელია. ის ძალიან, ძალიან კარგად თამაშობს ბურთით. ამავე დროს, მას შეუძლია სხვა სათამაშო ელემენტები ისწავლოს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ვარჯიშობს, შემცვლელად უკვე მომწიფებულია“.