ჰალანდი „ბარსელონაში“ გადავა, თუ კლუბი საჭირო თანხას იპოვის - რაიოლამ ლაპორტას სიტყვა მისცა #1TVSPORT
ჰალანდი „ბარსელონაში“ გადავა, თუ კლუბი საჭირო თანხას იპოვის - რაიოლამ ლაპორტას სიტყვა მისცა #1TVSPORT

„ბარსელონა“ აგრძელებს მუშაობას „დორტმუნდის“ ფორვარდ ერლინგ ჰალანდის გასაფორმებლად.

გამოცემა Сuatro-ს ინფორმაციით, კატალონიელთა პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეთანხმება აქვს ნორვეგიელის აგენტ მინო რაიოლასთან. ამ უკანასკნელმა სიტყვა მისცა „ბარსელონას“ – ჰალანდი მომავალი სეზონიდან გადავა კატალონიურ კლუბში, თუ ის ფორვარდის ტრანსფერისთვის საჭირო თანხას მოიზიდავს.

აღნიშნავენ, რომ ლაპორტასა და რაიოლას მეგობრული ურთიერთობა აქვთ, ამიტომაც ჰალანდთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მართლაც ნაყოფიერია.

ამ მიმართულებით რაიოლასთან თანამშრომლობა „ბარსელონას“ შესაძლოა 100 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდეს. ეს არის „დორტმუნდისთვის“ გადასახდელი თანხა, საკომისიო აგენტისთვის, ასევე, კიდევ რომელიღაც ფეხბურთელის შეძენა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს „აიაქსის“ მცველი ნუსაირ მაზრაუი.

ჰალანდის ხელფასი წელიწადში 30 მილიონ ევროს გაუტოლდება, კონტრაქტი კი სამწლიანი იქნება ორი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

„ბარსელონას“ ფინანსური პრობლემების გამო, გარიგების დადება დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ჰალანდის შესაძენად, კატალონიელებს მოუწევთ რომელიღაც ფეხბურთელის გაყიდვა, ვისაც კლუბში ხელშეუხებლად მიიჩნევენ.

მიმდინარე სეზონზე ჰალანდმა 11 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და 13 გოლი გაიტანა.