„ჰალ სიტი“ „შახტარსა“ და „სევილიას“ შეხვდება - დონეცკლებთან მატჩით შემოსული თანხით უკრაინას დაეხმარებიან #1TVSPORT
შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ ჩემპიონატის დაწყებამდე ორ დიდ ევროპულ კლუბთან ითამაშებს, მათ შორის, დონეცკის „შახტართან“, ამ მატჩიდან შემოსული თანხა კი რუსეთის აგრესიისგან დაზარალებული უკრაინის მოსახლეობის დახმარებას ფონდში ჩაირიცხება, – ინფორმაციას hulldailymail ავრცელებს.
„ზაფხულში „ჰალ სიტი“ უკრაინის „შახტარს“ დაუპირისპირდება, რათა მოემზადოს ახალი სეზონისთვის, რომელიც ივლისის ბოლოს დაიწყება. თამაში გაიმართება ჰალის სტადიონზე და მიზნად ისახავს თანხის შეგროვებას რუსეთის შემოჭრის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი სახელის წინააღმდეგ თამაში კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი იქნება ორ კლუბს შორის ურთიერთობის განმტკიცებისთვის, რადგან „სიტი“ ცდილობს რობერტო დე ზერბის გუნდის წინააღმდეგ ბევრი ხალხი მოიზიდოს“, – წერს ინგლისური ინტერნეტ-გამოცემა.
დონეცკის „შახტარი“ 2014 წლიდან მძიმე მდგომარეობაშია რუსეთის შეჭრის შემდეგ და ამის გამო, კლუბი იძულებული გახდა 70000-კაციანი „დონბას არენიდან“ გადასულიყო დასავლეთ უკრაინაში მდებარე ლვოვში და 2014 წლიდან ამ ქალაქში თამაშობს. 2016 წელს ხარკოვში გადავიდა, ხოლო 2021 წლის მაისიდან „შახტარი“კიევის ოლიმპიურ სტადიონზე თამაშობს.
hulldailymail-ის ცნობით, ამ ამხანაგური მატჩით განსაკუთრებით შოთა არველაძე იყო დაინტერესებული:
„გუნდი ცდილობს კონტინენტის კლუბებთან კარგი პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას. დონეცკელების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ამ გეგმის ნაწილია. კლუბს ასევე სურს გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელთანაც განსაკუთრებით ახლოს გუნდის ქართველი მწვრთნელი, შოთა არველაძეა“.
ასევე ცნობილი გახდა, რომ შოთა არველაძის შეგირდები ესპანურ „სევილიას“ დაუპირისპირდებიან ივლისში, მარბელას საფეხბურთო ცენტრში შეკრებაზე, სადაც კიდევ ორი თამაში აქვთ ჩასატარებელი. სხვა წინასასეზონო დეტალები მალე გახდება ცნობილი. არ არის გამორიცხული, „ჰალ სიტი“ დაუპირისპირდეს არველაძის ყოფილ გუნდს, „რეინჯერსსა“ და „ფენერბაჰჩეს“.