გვილიას გოლი და სტატისტიკა - მე-17 სასარგებლო ქმედება
გვილიას გოლი და სტატისტიკა - მე-17 სასარგებლო ქმედება

პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში 28-ე ტურის შეხვედრები გაიმართა – საკმაოდ უფერული უექმეების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა ევროპაში თავი ისევ გამოიჩინა.

ვარშავის „ლეგია“, სადაც ვაკო გვილია თამაშობს, კრაკოვში „ვისლას“ ესტუმრა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვარშაველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება ვარშაველების სასარგებლოდ დასრულდა – 1:3. თუმცა, შეხვედრა თავიდან რთული გამოდგა და კრაკოველები 29-ე წუთზე დაწინაურდნენ. ვარშაველებმა მდგომარეობა მხოლოდ 57-ე წუთიდან გამოასწორეს – წონასწორობა ტომაშ პეხარტმა აღადგინა, მანვე 70-ე წუთზე დუბლი შეასრულა.

76-ე წუთზე „ვისლას“ იმედებს საბოლოოდ ცივი შხაპი ვაკო გვილიამ გადაასხა – მეკარესთან პირისპირ გასულმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3 ვარშაველთა სასარგებლოდ.

მიმდინარე სეზონში „ლეგიას“ ფორმით ეს გოლი ვაკო გვილიას მე-17 შედეგიანი ქმედება იყო – სულ პოლონეთის ჩემპიონატსა და თასზე, ასევე ევროპის ლიგაზე, ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიშზე რვა გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა ჩაიწერა.