გვილიას გოლი და საგოლე - „ლეგიამ“ სეზონისთვის მზადება დაიწყო (ვიდეო)
ვარშავის „ლეგიამ“ მეორე წრისთვის მზადება დაიწყო. პოლონეთის ჩემპიონი არაბთა გაერთიანებული საემიროებში გაემზავრა და პირველი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი ვაკო გვილიამაც გამოიჩინა.
„ჯებელ ალი სტედიუმზე“ ჩატარებულ პირველ ტესტ-მატჩში ვარშაველებმა ადგილობრივი გუნდი „ლივა“ დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 8:0. მასპინძელთა კარი თომას პეჰარტმა (4) მატეუშ ჰოლევიაკმა, არიელ მოსორამ, კასპერ სკიბიცკიმ და ვაკო გვილიამ აიღეს.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია „ლეგიას“ ძირითად შემადგენლობაში არ იყო. ვარშაველთა მთავარმა მწვრთნელმა პირველ ტაიმში ახალგაზრდული შემადგენლობა ათამაშა, მეორე ნახევარში კი ძირითადის ხალხი შეუშვა, მათ შორის, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი.
გვილია ლამის ყველა შეტევას ხელმძღვანელობა. მის დარტყმის შემდეგ „ლეგიამ“ პენალტი მოიპოვა, რომელიც თომას პეჰარტმა გოლად აქცია. შემდეგ „ლეგიას“ თავდამსხმელმა საგოლე გადაცემა დაუბრუნა და ფლანგური გადაცემის შემდეგ გვილიამ საუდის არაბეთის გუნდის კარი აიღო. მან კიდევ ორჯერ გაიყვანა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მათ ამ შანსებით ვერ ისარგებლეს.
„მწვრთნელმა თქვა, რომ ამ ეტაპზე მთავარია არა შედეგი, არამედ ფორმის აღდგენა და ტონუსში მოსვლა, სეზონის მეორე ნახევრისთვის მზად რომ ვიყოთ. ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მონდომებული იყო და ეს მახარებს. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. მე ბევრი თამაში გამოვტოვე, მაგრამ ახლა კარგად ვარ და იმედი მაქვს, ფორმას მალე აღვიდგენ. დუბაიში ყველაფერი სათანადო დონეზეა, ამინდი კარგია და უბრალოდ უნდა ვიმუშაოთ“, – თქვა ვაკო გვილიამ მატჩის დასრულების შემდეგ.