გველესიანმა ისევ გაიტანა - ქართველი მცველი რონალდოს დაუპირისპირდება #1TVSPORT
გიორგი გველესიანმა ირანის პრო ლიგაში გოლი გაიტანა და „პერსეპოლისს“ ქულის გადარჩენაში დაეხმარა.
გამოცდილი მცველი ირანის ჩემპიონატის მე-3 ტურში „ზობ აჰანთან“ მატჩში გუნდის სათადარიგოთა შორის იყო, რადგან მჭიდრო სათამაშო გრაფიკის გამო მწვრთნელი როტაციას მიმართავს. გიორგი შეცვლაზე შევიდა, როდესაც გასული სეზონის ჩემპიონი 0:1 აგებდა.
84-ე წუთზე ქართველი ცენტრალური მცველი შეტევაში ჩაერთო და ფლანგური გადაცემა თავური დარტყმით დააგვირგვინა – 1:1. გიორგი გველესიანისთვის გოლები უცხო ამბავი არ არის – გასულ სეზონში ექვსი გოლით გუნდის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო.
მალე ქართველის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, სადაც გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ E ჯგუფში მოხვდა „ალ დუჰაილთან“ (კატარი), „ისტიქლოლსა“ (ტაჯიკეთი) და კრიშტიანო რონალდოს „ალ ნასრთან“ (საუდის არაბეთი) ერთად – ამ გუნდების მატჩი 19 სექტემბერს ირანში შედგება.
აქვე ვიტყვით, რომ D ჯგუფში თომა ტაბატაძის „ნავბახორი“ (უზბეკეთი) შეხვდება ნეიმარის „ალ ჰილალის“ (საუდის არაბეთი), „ნასაჯს“ (ირანი) და „მუმბაი სიტის” (ინდოეთი). B ჯგუფშია ჯაბა ჯიღაურის „ნასაფი“ (უზბეკეთი) და „ალ საადს” (კატარი), „შარჯანსა“ (არაბთა გაერთიანებული საემიროები) და „ალ ფაიზალის“ (იორდანია) ეთამაშება. ვაკო ყაზაიშვილის „ულსანი“ (სამხ. კორეა) კი I ჯგუფში „კავასაკის” (იაპონია), „ჯოჰორის“ (მალაიზია) და „პატუმის” (ტაილანდი) დაუპირისპირდება.