გველესიანმა ისევ გაიბრწყინა - „პერსეპოლისმა“ ქართველი მცველის დუბლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი გველესიანმა კიდევ ერთი მაღალი დონის თამაში ჩაატარა „პერსეპოლისში“, რომელმაც ირანის ჩემპიონატში „შამს აზარი“ 2:1 დაამარცხა.
მე-14 ტურის საშინაო შეხვედრა ქართველმა მცველმა შეუცვლელად ჩაატარა და დუბლი შეასრულა – 31 წლის ფეხბურთელმა გოლეადორობის გარდა, მებრძოლი ხასიათიც გამოავლინა.
გველესიანმა ანგარიში 45+3-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა და „პერსეპოლისს“ პირველი ნახევარი მოაგებინა. შამს აზარმა“ 47-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა – ამირ მასურ სარაბადანმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ დამატებაზე ჰოსეინ გუდარჯიმ გაიტანა.
62-ე წუთზე „პერსეპოლისი“ რთულ მდგომარეობაში მცველის, ალი ნემატის გაძევებამ ჩააგდო. 81-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გველესიანმა შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
14 ტურის შემდეგ „პერსეპოლისი“ ირანის პროლიგაში 25 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ესტეღლალს“ ოთხი ქულით ჩამორჩება, თუმცა, ერთი თამაში მარაგში აქვს. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა კი მიმდინარე სეზონში უკვე ოთხი გოლი გაიტანა.