ქართველმა მცველმა, გიორგი გველესიანმა ირანში ჰაზფის თასზე შესანიშნავად ითამაშა და „პერსეპოლისს“ „სეპაჰანთან“ გამარჯვებაში დაეხმარა.
„სეპაჰანი“ 30 წლის ქართველი მცველის ყოფილი კლუბია, სადაც სამი წელი ითამაშა და ბოლოს კაპიტანი იყო. გიორგიმ თასის 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში მე-12 წუთზე პენალტით ანგარიში გახსნა.
ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ქართველ მცველს მე-100 წუთზე კიდევ ერთხელ მიანდეს თერთმეტმეტრიანის შესრულება და მანაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2 „პერსეპოლისის“ სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ გიორგიმ თასის წინა ეტაპის, 1/16-ფინალის შეხვედრაში „ვან სპარს სეპაფანთანაც“ თავი გამოიჩინა, ეს მატჩიც 2:2 დასრულდა, მისი ბედიც დამატებულ დროში გადაწყდა, გიორგიმ კი პენალტით ანგარიში გაათანაბრა.
ჰაზფის თასი არის ირანის საფეხბურთო თასის ოფიციალური სახელწოდება, რომელიც 1975 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება. გველესიანმა კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში უკვე ექვსი გოლი გაიტანა, რაც მისი ამპლუის გათვალისწინებით მშვენიერი შედეგია.