გიორგი გველესიანმა ირანის ჩემპიონატში შესანიშნავი თამაში ჩაატარა და მცველისთვისთვის უჩვეულო შედეგიანობით „სეპაჰანს“ მორიგი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
30 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა „სანათ-ნაფტთან“ გასვლითი შეხვედრა, რომელიც „სეპაჰანმა“ 4:2 მოიგო. გველესიანს კარიერაში 21 გოლი აქვს გატანილი, რაც მცველისთვის კარგი შედეგია, მაგრამ გიორგისთვის ეს გამორჩეული თამაში იყო, რადგან დუბლი კარიერაში პირველად შეასრულა.
ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში ქართველმა მცველმა „სანათ-ნაფტთან“ კარი პირველად 31-ე წუთზე აიღო, როდესაც კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ეფექტური თავური დარტყმით დააგვირგვინა და გუნდის უპირატესობა 0:2-მდე გაზარდა. 44- წუთზე კი მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი უნაკლოდ შეასრულა. გველესიანი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ირანის ჩემპიონატში გამართული 24 ტურის შემდეგ „სეპაჰანმა“ 45 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზეა და „ესტეღლარს“ (55) და „პერსეპოლისს“ (49) ჩამორჩება. გველესიანმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
„დუბლი დღევანდელ შეხვედრაში – ვემზადებით აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშებისთვის, სადაც 6 თამაშს გავმართავთ საუდის არაბეთში“, – ასე გამოეხმაურა გიორგი გველესიანი დუბლს.
აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას ქართველი მცველის გუნდი 7 აპრილს უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის „ფახტაკორთან“ გამართავს. მატჩები 26 აპრილამდე გაგრძელდება. „სეპაჰანის“ ჯგუფში ასევე ითამაშებენ საუდის არაბეთის „ატ ტაავუნი“ და ყატარის „ალ დუჰაილი“.