განვლილ უქმეებზე ქართველმა ლეგიონერებმა 2 გოლი და 2 საგოლე პასი შეასრულეს. რაც უნდა უცნაური იყოს, ერთ-ერთი გოლი ცენტრალურ მცველ გიორგი გველესიანის ანგარიშზეა, რომლის „სეპაჰანმა“ ირანის ჩემპიონატის მე-2 ტურში სტუმრად „ნაფტ მასჯედ სოლეიმანი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა თავი 39-ე წუთზე ეფექტური თავური დარტყმით გამოიჩინა.
გუჯა ლობჯანიძემ კოსტანაის „ტობოლში“ დიდი პაუზის შემდეგ მოახერხა გოლის გატანა. 29 წლის ქართველი თავდამსხმელის გუნდმა ყაზახეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში შინ ყარაღანდის „შახტიორი“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ლობჯანიძე სათადარიგოებში იყო, მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა და 83-ე წუთზე „ტობოლის“ მეოთხე გოლის ავტორი გახდა.
ქართველმა თავდამსხმელმა კოსტანაის გუნდში 21 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა – არადა, გასულ სეზონზე ლიგის საუკეთესო ბომბარდირებში ხვდებოდა. მიმდინარე სეზონზე ამ მატჩამდე ლობჯანიძემ 7 ივლისს „ტურანს“ გაუტანა.
ყაზახეთის პრემიერლიგაში ლუკა იმნაძემ შეუცვლელად ითამაშა „აკჟაიკში“, რომელიც გასვლაზე „კასპიის“ დაუზავდა – 2:2. „ჟეტისუში“ მხოლოდ მესამე დამატებულ წუთზე გამოჩნდა შემტევი ნახევარმცველი თენგიზ წიქარიძე, რომლის გუნდმა გასვლაზე „კაისარი“ 1:0 დაამარცხა.
„ტობოლმა“ 58 ქულა დააგროვა და ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე დაწინაურდა, რადგან მისი კონკურენტი – „ასტანა“, ალმატის „კაირატთან“ 0:1 დამარცხდა.