აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ”ბ” ჯგუფის ბოლო, მე-6 ტურში კახა მახარაძის ტაშკენტის ”ლოკომოტივმა” გიორგი გველესიანის ირანულ “ზობ აჰანის“ უმასპინძლა.
ორივე ქართველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო: მახარაძემ და გველესიანმა შეუცვლელად ითამაშეს და ორივემ ყვითელი ბარათი მიიღო. შეხვედრა 1:1 დასრულდა, რაც სტუმრებს აწყობდათ – გიორგი გველესიანის გუნდმა 7 ქულა დააგროვა, მხოლოდ ყატარული ”ალ დუჰაილს” ჩამორჩა და აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში (1/8-ფინალში) გავიდა. ”ლოკომოტივმა” კი გათამაშება ასევე 7 ქულით დაასრულა, მაგრამ პირადი შეხვედრებით მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა და გათამაშებას გამოეთიშა.
პლეი-ოფში “ზობ აჰანი“ ირანულ კლუბს, ”ესტეღლარს” დაუპირისპირდება – გველესიანის გუნდი მეტოქეს 8 მაისს საკუთარ სტადიონზე მიიღებს, ხოლო 15-ში განმეორებით მატჩში მის არენაზე ესტუმრება.