პეპ გვარდიოლას სურს, რომ „მაჩესტერ სიტი“ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კლუბი გახდეს და თვლის, რომ ამას პრემიერ ლიგაში დომინირებით უნდა მიაღწიოს. ესპანელის მიერ გაწვრთნილი გუნდი ამჟამად მეორე ადგილზე იმყოფება და ბოლო მატჩში „კარდიფ სიტი“ 5-0 დაამარცხა, თუმცა მანამდე, ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში, ფრანგულ „ლიონთან“ საშინაო მატჩი დათმო (1-2).
საინტერესოა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ინგლისის არც ერთ გუნდს არ მოუგია პრემიერ ლიგა ორჯერ ან მეტჯერ ზედიზედ (ბოლოს ეს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გააკეთა, როდესაც 2006-07, 2007-08 და 2008-09 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი), თუმცა გვარდიოლას, რომელმაც „ბარსელონასა“ და „ბაიერნში“ მუშაობისას შვიდ წელიწადში ექვსი ტიტული მოიგო, ეს სტატისტიკა ნაკლებად ანაღვლებს.
„უპირველესი პრიორიტეტი პრემიერ ლიგაა და მისი მოგებაც ყველაზე სასიამოვნოა“, – თქვა ესპანელმა სპეციალისტმა კარდიფთან მატჩის შემდეგ, – „როდესაც, მაგალითად, ვუყურებ სამ გუნდს – ბარსელონას, ბაიერნსა და იუვენტუსს – რომლებმაც ბოლო 10 წელიწადში შვიდ-შვიდი ტიტული მოიგეს, ვხვდები, რომ ეს საუკეთესო გუნდებია. ჩვენ გვსურს, რომ მათ კონკურენცია გავუწიოთ“.