გვარდიოლას „სიტის“ დაღუპვის პირასაა, რა მოხდა?
10:31, 15.02.2020
ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ უეფა-მ ორი სეზონით ჩამოაშორა ევროტურნირებს და დააჯარიმა 30 მილიონი ევროთი. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სტადიონ „ეტიჰადის“ სასპონსორო კონტრაქტთან დაკავშირებული მაქინაციები და ფინანსური fair play-ის პირობების შეუსრულებლობა.
რას ამბობს უეფა?
„მოსმენის შემდეგ, რომელიც გაიმართა 2020 წლის 22 იანვარს, უეფა-ს ფინანსური კონტროლის განყოფილების სასამართლო პალატამ ჟოზე და კუნია როდრიგესის თავმჯდომარეობით, „მანჩესტერ სიტის“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება შეატყობინა.
სასამართლო პალატამ ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბმა „მანჩესტერ სიტიმ“ უეფა-ს ლიცენზირებისა და ფინანსური fair play-ის წესების სერიოზული დარღვევები დაუშვა, როცა სპონსორული შემოსავლები ხელოვნურად გაზარდა და უეფა-ს მიაწოდა ინფორმაცია იმაზე, რომ კლუბს 2012-16 წლებში ფინანასური დანაკარგი არ ჰქონია.
სასამართლო პალატამ ასევე დაადგინა, რომ კლუბი არ თანამშრომლობდა ამ საქმის გამოძიებისას ფინანსური კონტროლის ორგანოსთან.
სასამართლო პალატამ დააკისრა საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის” დისციპლინარული საქციები: კლუბი მომდევნო ორ სეზონში (2020-21, 2021-22) გარიცხული იქნება უეფა-ს საკლუბო ტურნირებიდან და გადაიხდის ჯარიმას 30 მილიონი ევროს ოდენობით.
სასამართლო პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში. თუ საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ სიტი” ამ უფლებას გამოიყენებს, სასამართლო პალატის სრული არგუმენტირებული გადაწყვეტილება არ იქნება გამოქვეყნებული საქმის საბოლოო დასრულებამდე”, – წერია უეფა-ს განცხადებაში.
რას ამბობს „მანჩესტერ სიტი“?
„სიტის“ განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე ოპერატიულად გაჩნდა.
„მანჩესტერ სიტი” იმედგაცრუებულია, თუმცა არ გაკვირვებია უეფა-ს სასამართლო პალატის დღევანდელი განცხადება. კლუბი ყოველთვის გამოხატავდა პროცესში დამოუკიდებელი ორგანოს ჩართვის აუცილებლობას, რომელიც ობიექტურად განიხილავდა კლუბის ხელთ არსებულ ყველა უტყუარ მტკიცებულებას.
2018 წლის დეკემბერში, უეფა-ს მთავარმა გამომძიებელმა საჯაროდ დაასახელა სანქციები, რომელიც უნდა გამოეტანათ „მანჩესტერ სიტის” მიმართ. ეს იქამდე მოხდა, სანამ რაიმე გამოძიება დაიწყებოდა. ამის შემდეგ, უეფა-ს მიერ ინცირებული პროცესს საბოლოო შედეგში არანაირი ეჭვი არ დაუტოვებია. კლუბმა ოფიციალურად შეიტანა უეფა-ს სადისციპლინო ორგანოში სარჩელი, რომელიც დადასტურებული იყო სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით.
მარტივად რომ ითქვას, საქმე აღძრა უეფა-მ, წარმოებაში ჩაუშვა უეფა-მ და განიხილა უეფა-მ. მას შემდეგ, რაც ეს მიკერძოებული პროცესი დასრულდა, კლუბი პირველივე შესაძლებლობისთანავე დაიწყებს საქმის განხილვას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში”, – წერია „მანჩესტერ სიტის” განცხადებაში.
საიდან დაიწყო ყველაფერი?
უეფა-მ ამხილა „მანჩესტერ სიტი” სპონსორული კონტრაქტების დაუსაბუთებელ ხელოვნურ ზრდაში. კერძოდ, ლაპარაკია ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც სტადიონს ავიაკომპანია Etihad-ის სახელი დაერქვა. უეფა-მ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის ნოემბერში გერმანულ გამოცემა Spiegel-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემდეგ, რომლშიც მოყვანილი იყო „მანჩესტერ სიტის” ფინანსური დირექტორის ენდრიუ ვიდოუსონის ელექტრონული წერილები.
ერთ-ერთ ასეთ წერილში მითითებული იყო, რომ კლუბის ფინანსები გადანაწილებულია იმ კომპანიებში, რომლებსაც ფლობს ერთი ადამიანი – „სიტის“ მეპატრონე შეიხი მანსურ იბნ ზაიდ ალ-ნაჰაიანი. 2015 წელს, კომპანია Etihad-მა სტადიონის სპონსორობაზე ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული 67 მილიონიდან კლუბს მხოლოდ 8 მილიონი ფუნტი გადაუხადა. თანხის დანარჩენი ნაწილი კლუბის ანგარიშზე გადაირიცხა კომპანია Abu Dhabi United-დან.
„მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა პუბლიკაციას ოპერატიულად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტები მოპარულია, ხოლო გამოქვეყნებული ინფორმაცია ამოგლეჯილია კონტექსტიდან.
მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ გერმანულ გამოცემას მასალები მიაწოდა პორტუგალიის მოქალაქემ რუი პინტუმ, რომელიც დღეს სამშობლოში ბრალდებულია 147 დანაშაულში. კერძოდ, კომპიუტერებში შეღწევაში.
პირველად ბრალი „მანჩესტერ სიტის” გასული წლის მაისში წაუყენეს. კლუბი იმ მომენტში უარყოფდა ბრალდებას, აღნიშნავდა პროცესის არასწორად წარმართვასა და „სიტის” ხელში არსებული უტყუარი მტკიცებულებების იგნორირებას.
რა იქნება შემდეგ?
„მანჩესტერ სიტი” აუცილებლად შეეცდება უეფა-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ყურადღებას აქცევს ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელობა ფინანსურ fair play-ს, რომელიც მოუწოდებს კლუბებს არ დახარჯონ გამომუშავებულ თანხაზე უფრო მეტი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება საჩვენებელი დასჯა. და თუ ადრე მსგავსი დარღევებისთვის მხოლოდ „პატარა” კლუბებს” იჭერდნენ, ახლა, უეფა, როგორც ჩანს, გრანდებს უგზავნის მესიჯს.