გაბრიელ ჟეზუსი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომლის გოლი პრემიერლიგაში ვიდეოგამეორების ჩარევის შემდეგ გააუქმეს, ხოსეპ გვარდიოლამ კი განაცხადა, რომ ახალი სისტემა თამაშის დინამიკას ცვლის.
„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის მორიგი სეზონი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო – „ვესტ ჰემ იუნაიტედი“ სტუმრად 0-5 დაამარცხა.
როდესაც ანგარიში 0-2 იყო, ჟეზუსმა მესამე გაიტანა და თანაგუნდელებთან ერთად ამ გოლის აღნიშვნაც მოასწრო, თუმცა მსაჯმა მაიკ დინმა, ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ, ეს გოლი გააუქმა. ახალი ტექნოლოგია საქმეში მოგვიანებითაც ჩაერთო, როდესაც სერხიო აგურეოს მიერ შესრულებული პენალტი მეკარემ მოიგერია, VAR-მა კი გადაწყვიტა, რომ დარტყმამდე მეტოქე გუნდის ფეხბურთელები საჯარიმოში შევიდნენ.
„მენტალურად ძლიერი უნდა იყო, როდესაც ვიდეოგამეორებას შენთვის არასასურველი გადაწყვეტილება გამოაქვს. 3-0 ნიშნავს, რომ მატჩის მედი თითქმის გადაწყვეტილია, 2-0 კი სრულიად განსხვავებული ანგარიშია“, – განაცხადა გვარდიოლამ მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ვიდეოგამეორების სისტემამ „მანჩესტერ სიტი“ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოაგდო, როდესაც სტერლინგის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.