„თუ კევინ დე ბრუინს პრობლემა აქვს, მან მშვენივრად იცის, სად უნდა მნახოს“ – განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ. ეს კომენტარი ესპანელმა სპეციალისტმა იმ ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ბელგიელი ნახევარმცველი უკმაყოფილო დარჩა, როდესაცე ერთ-ერთ მატჩში შეცვალეს.
„მე მასთან არ მისაუბრია და არ ვიცი, რას ფიქრობს. თუ პრობლემა აქვს, კარგად იცის, სად უნდა მნახოს“, – ამბობს გვარდიოლა.
ლიგის თასის შეხვედრაში, რომელშიც „სიტიმ“ ინგლისის „ლიგა ერთის“ ბინადარი ბარტონი 9-0 გაანადგურა, დე ბრუინმა ანგარიში გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის მე-15 წუთზე, ის ფილ ფოდენით შეცვალეს.
გასული წლის დეკემბერში, გვარდიოლამ განაცხადა, რომ დე ბრუინი გადაღლილი იყო, რადგან „სიტის“ შემადგენლობაში 52 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ცენტრალური როლი ითამაშა ბელგიის ნაკრების მიერ მესამე ადგილის დაკავებაში.
თავად 27 წლის ფეხბურთელი გადაღლილობას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, ბევრის აზრით, წელს თავის საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს.