გვარდიოლა - „ლივერპულთან“ ჩამორჩენის გაბათილებაზე ფიქრი არარეალისტურია
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ „ლივერპულთან“ ჩამორჩენის აღმოფხვრა არარეალისტურია, თუმცა მისი გუნდი ვალდებულია, რომ ბოლომდე იბრძოლოს. შაბათს, 7 დეკემბერს, „მანჩესტერ სიტიმ“ მტკივნეული მარცხი განიცადა თანაქალაქელ „იუნაიტედთან“ (1:2) და ახლა მერსისაიდელებს 14 ქულით ჩამორჩება.
იმისათვის, რომ „სიტიმ“ შარშანდელი შედეგი გაიმეოროს და 98 ქულა დააგროვოს, მან დარჩენილი 22 მატჩიდან ყველა უნდა მოიგოს, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ვერ გახდება ჩემპიონი, თუ „ლივერპულმა“, თავის მხრივ, მინიმუმ 14 ქულა არ დაკარგა. მსგავსი სცენარი კი პრემიერლიგის ისტორიაში არასდროს განვითარებულა და 14-ქულიანი ჩამორჩენა არავის აღმოუფხვრია.
„ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის“, – ამბობს გვარდიოლა. – „უნდა ვცადოთ ყველაფერი, რადგან სათამაშო და მოსაგები კიდევ ბევრი რამეა. ჩვენ ახლა მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ. „ლივერპულთან“ ჩამორჩენის გაბათილებაზე ფიქრი არარეალისტურია“.
„მანჩესტერ სიტი“ ამჯერად 32 ქულით მესამე ადგილზეა და ექვსი ქულით ჩამორჩება მეორეზე მყოფ „ლესტერ სიტის“. პირველ ადგილზე მყოფ „ლივერპულს“ 46 ქულა აქვს.
მომდევნო ტური პრემიერლიგაში 14-16 დეკემბერს გაიმართება. „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „უოტფორდს“ შეხვდება, „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „არსენალს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ლესტერი“ „ნორვიჩს“ უმასპინძლებს.