მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ კარაბაოს თასის მოგების ფასი შესაძლოა იმაზე მაღალი გამოდგეს, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა. მიზეზი ასეთი განცხადებისა ის არის, რომ ფინალურ მატჩში მანჩესტერელთა ორმა ფეხბურთელმა, აიმერიკ ლაპორტემ და ფერნანდინიომ ტრავმები მიიღეს, რის გამოც რამდენიმე კვირა გაუცდებათ.
„ამ მატჩის მოგება მნიშვნელოვანია მომდევნო თამაშებისთვის, მაგრამ ეს ტურნირი ბევრს მოითხოვს და სხვა ტურნირებში ძალიან გაგვიჭირდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ რამდენიმე კვირით“, – აცხადებს გვარდიოლა. – „მიუხედავად ამისა, ამ თასის მოგებამ ძალიან გამახარა და ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა“.
კარაბაოს თასის ფინალური მატჩი ჩელსისა და მანჩესტერ სიტის შორის უგოლოდ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსარკვევად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც მანჩესტერელებს უფრო გაუმართლათ.