გვარდიოლა - ჩემი ფეხბურთელების ერთგულებაში ეჭვი არ მეპარება
გვარდიოლა - ჩემი ფეხბურთელების ერთგულებაში ეჭვი არ მეპარება

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას თქმით, ის პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ რაჰიმ სტერლინგი ჟურნალისტებთან „რეალ მადრიდში“ გადასვლის საკითხზე საუბრობს. „სიტის“ თავდამსხმელს ესპანური გამოცემა „ასი“ გაესაუბრა, სტერლინგმა კი ინტერვიუში განაცხადა, რომ „გახსნილია გამოწვევების მიმართ“.

„ჩემი ფეხბურთელები თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ აზრებს და ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ მათ ეს თავისუფლება შევუზღუდოთ“, – ამბობს გვარდიოლა.

რაჰიმ სტერლინგი „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლის ივლისში „ლივერპულიდან“ გადავიდა და მერსისაიდელებმა მასში 49 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღეს.

ესპანელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, ისურვებდა თუ არა ერთ მშვენიერ დღეს „რეალ მადრიდში“ გადასვლას, სტერლინგმა უპასუხა:

„როგორ ვუპასუხო მაგ შეკითხვას? ეს კამერა ვიდეოს იღებს თუ ფოტოებს? სერიოზულად რომ ვთქვა, არავინ იცის, რა იქნება მომავალში. მე მოთამაშე ვარ და ყოველთვის გახსნილი ვარ გამოწვევების მიმართ. ამჟამად ჩემი გამოწვევა „მანჩესტერ სიტია“ და მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ. კონტრაქტი მაქვს და მას პატივი უნდა ვცე“.

„ნორმალურია, როდესაც მადრიდულ მედიაში „რეალ მადრიდზე“ საუბრობენ“, – თქვა გვარდიოლამ ამ ამბის კომენტირებისას. – „მე დარწმუნებული ვარ ჩემი მოთამაშეების ერთგულებაში, მათ ეს წლების განმავლობაში დაამტკიცეს. არაფერი შეცვლილა. რა მოხდება სეზონის ბოლოს, არავინ იცის. მშვიდად გადავწყვეტთ, რა გვინდა, თუმცა მომდევნო სამი თვის განმავლობაში არაფერი შეიცვლება“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უეფამ „მანჩესტერ სიტის“ მკაცრი სასჯელი გამოუტანა, როდესაც ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევისთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ორი წლით აუკრძალა. აკრძალვა ძალაში 2020 წლის სეზონის დასრულების შემდეგ შედის და 2022 წლის სეზონის ბოლომდე იმოქმედებს.