გურულმა და ალახვერდოვმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
სერბეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ორმა ქართველმა მოკრივემ, სახილ ალახვერდოვმა (48 კგ ) და ლაშა გურულმა (67კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ალახვერდოვი მეოთხედფინალში ყირგიზი მოკრივის, მირლან ტურქბაისთან გამარჯვების შემდეგ, ნახევარფინალში ტაილანდელ ბლუე იურაჩაისთან დამარცხდა და ტურნირზე მესამე ადგილზე გავიდა.
მეორე ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა, რომელსაც დღეს ნახევარფინალში უნდა ეასპარეზა, ტრავმის გამო ტურნირზე მონაწილეობის გაგრძელებას ვერ შეძლო. მეოთხედფინალში კუბელ მოკრივესთან ორთაბრძოლისას ლაშამ შუბლის ძვლის ტრავმა მიიღო.
ქართველი მოკრივე მკურნალობას სამშობლოში ჩაიტარებს. თუმცა, ლაშამ წარმატებას მაინც მიაღწია და მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში 24 ოქტომბერს დაიწყო და 7 ნოემბერს დასრულდება.