გურული და ბეგაძე კრივის პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში იბრძოლებენ
უნგრეთის ქალაქ დებრეცენში გრძელდება A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი სამოყვარულო კრივში (იშტვან ბოშკაის 65-ე მემორიალი). შეჯიბრზე საქართველოს ღირსებას სულ 5 ქართველი მოკრივე იცავს.
ჩვენი გუნდის კაპიტანი ლაშა გურული და ასევე ნიკოლოზ ბეგაძე ტურნირის ნახევარფინალში იბრძოლებენ. 63 კგ წონით კატეგორიაში გურულმა უნგრელი დანიელ დანი დამაჯერებლად დაამარცხა. ეს ნახევარფინალში გასასვლელად საკმარისი გამოდგა. 91+ კგ წონაში კი ნიკოლოზ ბეგაძემ პირველ წრეში იტალიელ მირკო კარბოტს სძლია, შემდგომ კი უნგრელი ლევანტე კიში დაამარცხა და გურულის მსგავსად ნახევარფინლაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების დანარჩენი სამი წევრი პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას. ოლიმპიადის ლიცენზიატი სახილ ალახვერდოვი (52), გიორგი ხარაბაძე (75) და ესკერხან მადიევი (69).
დებრეცენში ნახევარფინალური შეხვედრები 11 თებერვალს, ფინალები კი 12-ში გაიმართება.