„გურიას“ ყოფილი ფორვარდი რუსული პასპორტით - „სამგურალმა“ თავდამსხმელი დაიმატა
წყალტუბოს „სამგურალმა“ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა – გუნდმა ცენტრალური თავდამსხმელი ალექსანდრე ვერულიძე დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„წყალტუბოს „სამგურალსა“ და 24 წლის ფეხბურთელს შორის ხელი ორწლიან ხელშეკრულებას მოეწერა. ალექსანდრე ვერულიძე „სამგურალში“ 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერია „სამგურალის“ ვებგვერდზე.
წყალტუბოელთა ახალწვეული რუსეთის მოქალაქეა. ვლადიკავკაზში დაიბადა და „ალანიას“ სკოლაში ვარჯიშობდა. თამაშობდა მოსკოვის „სტალიცაში“, ტიხორეცკის „ტრუდში“, ვლადიკავკაზის „ბარსში“, „სკა-ხაბაროვსკში“, ვორონეჟის „ფაკელსა“ და ვოლგოგრადის როტორში“.
გასულ სეზონში ალექსანდრე ვერულიძე ლანჩხუთის „გურიას“ ღირსებას იცავდა. მისი მამა ლაშა ვერულიძე ბათუმელია, რომელიც რუსეთში დასახლდა და ცნობილი მსაჯია.