ლანჩხუთის „გურიას“ ლევან ხომერიკი გაწვრთნის – საქართველოს პირველ არხს ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის საპატიო პრეზიდენტმა, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ დაუდასტურა.
„დიახ, ეს გადაწყვეტილება მიღებულია და გუნდს ახალი სამწვრთნელო სტაფი ეყოლება – მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი იქნება, რომელსაც ვანო მახარაძე დაეხმარება, ფიზმომზადების მწვრთნელი კი, კახა ვაჩეიშვილი იქნება. სამივე ბათუმის „დინამოში“ მუშაობდა, სერიოზული ხალხია და სურთ, რომ გუნდი გააძლიერონ. მათ დღეს ველოდებით და გუნდს ჩაიბარებენ“, – ამბობს ბესიკ ტაბიძე.
ლანჩხუთის „გურიას“ საპატიო პრეზიდენტის თქმით, გრიგოლეთის ბაზა გუნდის დასაბინავებლად მზადაა: „გრიგოლეთის ბაზა მოწესრიგებულია და მზადაა, რომ 26 მოთამაშე დაბინავდეს. თუმცა, ახალ სამწვრთნელო სტაფს დამატებითი მოთხოვნები აქვს, გუნდთან უფრო ეფექტურად რომ იმუშაონ და შევეცდებით, მათი მოთხოვნები გავითვალისწინოთ. მთავარია, რომ „გურიამ“ ძველი დიდება დაიბრუნოს და ხალხი გაახაროს“.