გურამ თუშიშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია - საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრება ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა #1TVSPORT
გურამ თუშიშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია - საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრება ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა #1TVSPORT

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ჩატარებული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგანაც სამმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში ფინელ პუმალაინენთან დამატებით დროში ვაზარით წააგო და მეორე ადგილზე გავიდა.

შეჯიბრებაზე ცოტა ხნით ადრე კიდევ ორმა ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კგ) ჩვენს ნაკრებს ასევე ვერცხლის მედლები მოუტანეს.

დღეს გამომსვლელი ლუკა მაისურაძე (90 კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი კონტინენტის პირველობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული. გუშინ, 4 ნოემბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.

2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა, სოფიამ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.