გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილის სურვილები, რომ სადღაც შეიტანს რაღაც სარჩელს, რომელიც თურმე რაღაცას შეაჩერებს, არის ზღაპარი, 25 ნოემბერს იქნება ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა
არაერთხელ ახსნილა და კარგად გაიგონ, მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერებმაც, რომ 25 ნოემბერს პირველ სხდომაზე იქნება ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება იცნობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღეს უნდა შეიკრიბოს პარლამენტი.
„სალომე ზურაბიშვილის სიზმრები, მოგონებები და სურვილები, რომ სადღაც შეიტანს რაღაც სარჩელს, რომელიც თურმე რაღაცას შეაჩერებს, არის ზღაპარი. ვერაფერს შეაჩერებს. პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაზე პირდაპირ, იმპერატიულად წერია საქართველოს კონსტიტუციაში, შემაჯამებელი ოქმის შემდგომ პარლამენტი იკრიბება არა უგვიანეს მეათე დღისა, დამთავრდა. შესაბამისად, ნებისმიერი სახის ასეთი ტიპის პროვოკაციული გამოხდომები და განცხადებები არ იქნება აღქმული სერიოზულად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო.