გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის ნაწილის იმედი გვაქვს და გვჯერა, 2 თებერვლამდე საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავენ
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის ნაწილის იმედი გვაქვს და გვჯერა, 2 თებერვლამდე საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავენ

ოპოზიციის ნაწილის იმედი გვაქვს და გვჯერა, 2 თებერვლამდე საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავენ, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ყველა სამართლებრივ ბერკეტსა და ფორმატს ქმნიან, რათა მათ გააგრძელონ საქმიანობა პარლამენტში.

„როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ოპოზიცია ისევ სხვა რეალობაში ცხოვრობს, მთელი ცივილიზებული სამყარო იმ პოზიციაზე დგას, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს – უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რაც საზოგადოებამ 31 ოქტომბერს დაუკვეთა; პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია, პარლამენტში უნდა შევიდეს, რაც ამომრჩევლის დაკვეთაა, ის უნდა შევასრულოთ.

ოპოზიციის ნაწილის იმედი გვაქვს და იმის გვჯერა, რომ 2 თებერვლამდე საკუთარ გადაწყვეტილებას მაინც გადახედავენ. განცხადებით იმას ადასტურებენ, რომ საკუთარ პოზიციაზე ჯიუტად დგანან და უარს ამბობენ საკუთარი ამომრჩევლის ნების შესრულებაზე. ეს მათ სისუსტეზე მეტყველებს. ყველა სამართლებრივ ბერკეტს და ფორმატს ვქმნით იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ ის საქმიანობა, რასაც საპარლამენტო მუშაობა ჰქვია“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

რაც შეეხება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, მაჭარაშვილის თქმით, ხელისუფლების ჩვენი მხრიდან ყველა პირობა გადახედილია და დადებულია მოლაპარაკებების მაგიდაზე.

„ოპოზიციის განცხადება, რომ მოლაპარაკებას დავუბრუნდეთ, ეს არის გაღმა შემედავეს პრინციპი იქიდან გამომდინარე, რომ მათ ახალი არაფერი უთქვამთ არც საზოგადოებისთვის და არც საკუთარი ამომრჩევლისთვის, გარდა აბსურდული მოთხოვნისა, რაც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ამას ოპოზიციაში არავინ არ ეთანხმება, რამდენიმე პოლიტიკოსის გარდა. ისინი მიზეზებს ეძებენ, რომ საკუთარი პოზიცია გაამართლონ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, არაფერი გამოუვათ. იმედია, ბევრი მათგანი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც თავად, მათ ამომრჩეველს და ქვეყანას სჭირდება“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

​ამასთან, შეკითხვაზე, იქნება თუ არა 2 თებერვლამდე მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი, გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების კარი არის ღია იმ პირობებში, რაც იყო მეოთხე რაუნდის ბოლოს.

„მეხუთე რაუნდი შედგება თუ არა, ეს უმეტესად დამოკიდებულია ოპოზიციის ერთიან აზრზე. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, მათ საერთო აზრი არ გააჩნიათ“, – აცხადებს მაჭარაშვილი და აღნიშნავს, რომ შეხვედრა ვერ იქნება შეხვედრისთვის.