იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა სავარაუდოდ 14 იანვარს გაირკვევა
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა სავარაუდოდ 14 იანვარს გაირკვევა

ვინ შეასრულებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას, ამის შესახებ 14 იანვარს ჩანიშნულ კომიტეტის სხდომაზე გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტს თავმჯდომარე და პირველი მოადგილე არ ყავს, სხდომას იწვევს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. უკვე სხდომაზე წევრების სიითი უმრავლესობა ნდობას უცხადებს მოადგილეებიდან ერთ-ერთს. არჩეული კანდიდატი შეასრულებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას, სანამ საგაზაფხულო სესიაზე ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ.

„მას შემდეგ, რაც გადადგა კომიტეტის თავმჯდომარე და პირველი მოადგილე, საქართველოს რეგლამენტის შესაბამისად, სხდომას იწვევს ერთ-ერთი მოადგილე და ამ სხდომაზე იურიდიული კომიტეტის წევრები ორი მოადგილიდან ერთ-ერთს დავაკისრებთ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, სანამ სესიაზე ავირჩევთ კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს. იურიდიული კომიტეტის სხდომა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, 14 იანვარს ჩაინიშნა და სწორედ მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ეკა ბესელიამ აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, წინა დღეს კი თანამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა. გადადგომამდე კა ბესელიამ პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძე წარადგინა, რომელიც მოგვიანებით გუნდმა კომიტეტიდან უკან გაიწვია.

გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფოფხაძის გაწვევა წესების სრული დაცვით მოხდა.

„ფრაქციის სხდომის მოწვევა ფრაქციის სრული წესების დაცვით მოხდა. ფრაქციის მოწვევას არ არეგულირებს რეგლამენტი, მას თავისი წესები აქვს, თუმცა რეგლამენტი განსაზღვრავს რომელიმე წევრის კომიტეტში განწესებას ან პირიქით, გამოწვევას. ეს დარეგულირებულია რეგლამენტის 28-ე და 29-ე მუხლებში, ასევე 51-ე მუხლის მეორე პუნქტი არეგულირებს გამოწვევის საკითხს. ამ შემთხვევაში, სრული წესების დაცვით მოხდა კომიტეტიდან ბატონი გედის გამოწვევის საკითხი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.