გურამ კაშიას „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „ცელიეს“ დაუზავდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანის, გურამ კაშიას „სლოვან ბრატისლავამ“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად სლოვენიის „ცელიესთან“ ითამაშა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
კაშია სლოვაკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა, შეხვედრაში ანგარიში კი მე-7 წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა, ბობიჩანეჩმა გაიტანა.
„სლოვანი“ გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდა და წონასწორობა მალევე, მე-11 წუთზე აღადგინა, გოლი სტრელეცის ანგარიშზეა.
მიუხედავად იმისა, რომ სავიდისმა 30-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და „სლოვანი“ უმცირესობაში დარჩა, სლოვაკებს შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გაუშვიათ.
ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი „სლოვანსა“ და „ცელიეს“ შორის 30 ივლისს ბრატისლავაში ჩატარდება.