გურამ კაშიამ ერთა ლიგის მატჩებზე ისაუბრა - იმედია, ამ პარტნიორობით უფრო წარმატებულები ვიქნებით #1TVSPORT
სფფ-ს ახალ გენერალურ პარტნიორთან ხუთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე კომენტარი გააკეთა გურამ კაშიამ, რომელიც ცერემონიას საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად ესწრებოდა.
ეროვნული ნაკრების კაპიტანის აზრით, ქართული ფეხბურთისთვის ყოველი ახალი პარტნიორი მნიშვნელოვანია, მით უფრო ძლიერი პარტნიორი:
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია ასეთ ძლიერ პარტნიორთან თანამშრომლობა. იმედი მაქვს, ეს პარტნიორობა დიდხანს გაგრძელდება და რაც შეიძლება წარმატებულები ვიქნებით. ასეთ დიდ ბანკთან თანამშრომლობა ძალიან წაადგება, როგორც სფფ-ს, ისე ეროვნულ ნაკრებ გუნდებსა და ფეხბურთის განვითარებას საქართველოში“, – ამბობს გურამ კაშია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრეზეც ისაუბრა:
„ერთა ლიგის მატჩებამდე ჯერ კიდევ არის დრო, რაც ძალიან კარგია, რადგან თამაშებისთვის დაახლოებით ორი კვირა მოვემზადებით. შეკრება 23-24 მაისს დაიწყება, მერე შემოგვიერთდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც სეზონს ცოტა მოგვიანებით დაასრულებენ. რა თქმა უნდა, რთული იქნება 4 მატჩის 10 დღეში ჩატარება. იმედია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იქნება და ამ მატჩებში გუნდს ყველა დაეხმარება“.