გურამ კაშიამ ბუდაპეშტში მასტერლიგის ნაკრები გაამხნევა, რომელშიც მისი ძმა თამაშობს #1TVSPORT
„სლოვანის“ ქართველი მცველი გურამ კაშია ბუდაპეშტში ჩავიდა და საქართველოს მასტერლიგის ნაკრების წევრებს შეხვდა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ.
„საქართველოს მასტერლიგის ნაკრების მხარდასაჭერად ბუდაპეშტში საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ჩავიდა, ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა და საბერძნეთთან ამხანაგურ მატჩს დაესწრო“ – წერია მასტერლიგის ოფიციალურ გვერდზე.
საინტერესოა, რომ ბუდაპეშტში მასტერლიგის ნაკრებში შოთა კაშია თამაშობს – საქართველოს ნაკრების კაპიტნის ძმა, რომელიც მასზე 3 წლით უფროსია და „დინამო თბილისის“ კაპიტანი მანამდე გახდა, სანამ სამკლაურს მისი ძმა მოირგებდა. შოთა კაშია საქართველოს ახალაგაზრდული ნაკრების კაპიტანი და პერსეპქტიული მოთამაშე იყო, მაგრამ ტრავმებმა ხელი შეუშალა. ბოლოს ის საჩხერის „ჩიხურაში“ თამაშობდა.
გურამ კაშია საბერძნეთთან ჩვენი ნაკრების ამხანაგურ მატჩს დაესწრო, რომელიც ჩვენმა გუნდმა კენიასთან მატჩის ნაცვლად გამართა. წესით, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენს გუნდს პირველ ტურში კენიის ნაკრებთან უნდა ეთამაშა, მაგრამ მათ რამდენიმე ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც გუნდი გათამაშებიდან მოიხსნა.
შესაბამისად, ჩვენს ჯგუფში 4 გუნდი დარჩა. საქართველოს ნაკრებმა კენიასთან მატჩის დღე გამოიყენა და საბერძნეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი იგებდა, მაგრამ ბოლო წამზე გოლი გაუშვა და მატჩი 2:2 დაასრულა.