გურამ კაშია - ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ფეხბურთი აერთიანებს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, ბრატისლავის „სლოვანის“ მცველმა, გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ შეხვედრაზე, რომლისთვისაც „ჯვაროსნებმა“ მზადება დღეს დაიწყეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის. იმედია, ამ მოკლე ხანში მომზადებას მოვასწრებთ. რაც მთავარია, ეს 2-3 დღე ყველა ჯანმრთელად უნდა ვიყოთ და ამ თამაშს სრულყოფილი შემადგენლობით შევხვდეთ.
ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ერთმანეთი გვჭირდება. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ფეხბურთი აერთიანებს. ვფიქრობ, საინტერესო ერთი კვირა გველის. მინდა, გულშემატკივრებს მოვუწოდო – როგორც გვიჭერდით მხარს, ახლაც ასევე დაგვიდექით გვერდით, ზედმეტი არ გვჭირდება“, – ამბობს გურამ კაშია.
საქართველო – ლუქსემბურგის ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ. წარმატების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ 26 მარტს პლეი ოფის ფინალში საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს თბილისში შეხვდებიან და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას შეეცდებიან.