გურამ კაშია - უცხოეთიდან მიწვევები იყო, მაგრამ სახლში დარჩენა ვამჯობინე #1TVSPORT
გურამ კაშია - უცხოეთიდან მიწვევები იყო, მაგრამ სახლში დარჩენა ვამჯობინე #1TVSPORT

გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შესახებ. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანთან ამერკულმა „სან ხოსემ“ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და 33 წლის მცველმა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება 11-წლიანი პაუზის შემდეგ გადაწყვიტა.

გურამ კაშიამ პირველი მატჩი ეროვნული ლიგის მეორე ტურში „თელავთან“ ჩაატარა და „ლოკომოტივს“ მოგებაში (3:2) დაეხმარა.

„სასიამოვნოა საქართველოში, სახლში დაბრუნება, მით უმეტეს, პირველი მატჩის ასეთ სტადიონზე ჩატარება. ძალიან მიხარია, რომ შეხვედრა მოვიგეთ და იმედი მაქვს, ასეც გავაგრძელებთ. ალბათ, მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ და უფრო მეტი უნდა გაგვეტანა“, – ამბობს გურამ კაშია.

გამოცდილმა მცველმა უპასუხა კითხვას, ხომ არ ჰქონდა უცხოეთიდან მიწვევები.

„იყო რაღაც ვარიანტები, მაგრამ ისეთი არა. უფრო სახლში დარჩენა ვამჯობინე, რადგან 12 წელია თბილისში, სახლში არ ვყოფილვარ. თანაც, დიდი ხანი გამიცდა, დიდი დროა, არ მითამაშია და საქართველოს ჩემპიონატში თამაში კარგი იქნება, ფორმა რომ ავკრიფო. თან ხშირი თამაშებია, 4 დღეში ერთხელ ვთამაშობთ და სანაკრებოდაც, ალბათ, უფრო მოვემზადები“.

კაშიას თქმით, სხვა მას ქართული გუნდებიც იწვევდნენ.

„დიახ, იყო ლაპარაკები, მაგრამ „ლოომოტივმა“ ესპანურ შეკრებაზე წაყოლა შემომთავაზა, გუნდთან ერთად ტაქტიკური ვარჯიშები გავიარე და მერე გუნდის შეცვლა რთული და ძალიან გვიანი იქნებოდა. ამიტომ „ლოკომოტივში“ თამაში ვამჯობინე“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი და ვიცე-კაპიტანი „დინამო თბილისის“ აღზრდილია. კარიერის დიდი ნაწილი ნიდერლანდების ერედივიზიის „ვიტესში“ (2010-2018) გაატარა.