გურამ კაშია - რაც მე ნაკრებში ვარ, ასეთი სუსტი თამაში არ ჩაგვიტარებია #1TVSPORT
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან მტკივნეული მარცხის (1:7) შემდეგ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ გააკეთა და მარცხისთვის, რომელიც „ჯვაროსნების“ ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება გამოდგა, ბოდიში მოიხადა.
„სალაპარაკო ძალიან ბევრია. მაინტერესებს, ფეხბურთელები შემდეგ შეხვედრას როგორი განწყობით ითამაშებენ. ასეთის შემდეგ ჩვენ, ყველანი ვალდებულები ვართ, რომ მომავალ დაპირისპირებაში რეაქცია ვაჩვენოთ. დღეს სისუსტე გამოვავლინეთ ყველა ფეხბურთელმა.
რა თქმა უნდა, შეიძლება ესპანეთის ნაკრებთან წააგო, ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ასეთი შედეგით და თამაშით… ძალიან მწყდება გული. სტადიონზე მოსულ ხალხს იმედები გავუცრუეთ. რაც მე ნაკრებში ვარ, ასეთი სუსტი თამაში არ ჩაგვიტარებია.
ყველა ორთაბრძოლას ვაგებდით, ბევრად სწრაფად გადაადგილდებოდნენ. ამიტომ შანსი არ გვქონდა და ყველა ფეხბურთელმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ყველზე დიდი პასუხისმგებლობას მე ვგრძნობ, მაგრამ ყველა ფეხბურთელმა საკუთარ თავში უნდა მოძებნოს პრობლემა.
დღეს არცერთი ჩვენგანი არ ვიმსახურებდით ნაკრების მაისურით თამაშს, კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს. გულშემატკივარს გული დავწყვიტეთ, მაგრამ შემდეგ შეხვედრაში საქმე აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ“, – განაცხადა „ტაიმაუტთან“ გურამ კაშიამ.