გურამ კაშია - მადლობა ნდობისთვის, კაპიტნობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა #1TVSPORT
გურამ კაშია - მადლობა ნდობისთვის, კაპიტნობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა #1TVSPORT

გურამ კაშია საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ერთად იმყოფებოდა პრესკონფერენციაზე, რომელიც ბოსნია და ჰერცეგოვინასთან 25 მარტს დანიშნულ მატჩს მიეძღვნა. ეროვნული გუნდის ახალმა კაპიტანმა მოახლოებულ შეხვედრაზე, მეტოქესა და კაპიტნის სამკლავურის გადაბარებაზე ისაუბრა:

„მეტოქეს ცნობილი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები განსხვავებული სისტემით თამაშობს და ეს საინტერესო მატჩია ჩვენთვის. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს ამხანაგური თამაშია და ამ ყველაფერს ორივე გუნდი ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.

– აქ მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში გვქონდა. დროის დიდი ნაწილი ტაქტიკურ ვარჯიშებს დავუთმეთ. ვმუშაობთ იმავე ტაქტიკაზე, რომლითაც უკანასკნელი მატჩები ვითამაშეთ. ძალიან საინტერესო მეტოქეები გვყავს ამხანაგურ შეხვედრებში. ვფიქრობ, თითქმის იმავე დონის გუნდები არიან, რაც ჯგუფში გვეყოლება ერთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, მოგება გვსურს, მაგრამ ამხანაგური თამაშებია და რაც შეიძლება მეტი უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რისი ჩვენებაც ოფიციალურ მატჩებში გვინდა.

– გუნდში რამდენიმე ახალი სახეა, რასაც მივესალმები. ალბათ მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი და ჩვენც უფრო უნდა გავაუმჯობესოთ ის წუნი, რაც ბოლო თამაშებში გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ ის მატჩები, გვინდა, უფრო დავხვეწოთ ის სისტემა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ.

– მადლობა ყველას ნდობის გამოცხადებისთვის. კაპიტნობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და იმედი მაქვს, თავს გავართმევ. ყოველთვის ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო, თუმცა კაპიტნობა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი მოტივაციაა და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი გამოცდილებით გუნდს დავეხმარო“, – განაცხადა ნაკრების ახალმა კაპიტანმა.

ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან. მატჩს 25 მარტს, ქალაქ ჟენიცას ბილინო პოლე უმასპინძლებს.

შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.