გურამ კაშია - კარიერის დასრულების შემდეგ „ვიტესში“ დაბრუნებაზე ვფიქრობ #1TVSPORT
გურამ კაშია - კარიერის დასრულების შემდეგ „ვიტესში“ დაბრუნებაზე ვფიქრობ #1TVSPORT

გურამ კაშიამ ბრატისლავასსლოვანის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ვრცელ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, არნემის „ვიტესზე“ და კარიერის შემდგომ გეგმებზე.

„თბილისის „დინამოსთან“ კონტრაქტი დამიმთავრდა. ახალი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი – საქართველოში ლიგის საუკეთესო მცველად დამასახელეს, იქ უკვე მაქსიმუმს მივაღწიე. როცა 22-23 წლის ხარ, წინ უნდა გადადგა ნაბიჯი და საზღვარგარეთ თამაში მინდოდა. ეს ჩემთვის დიდი შესაძლებლობა იყო. თავიდან „ვიტესში“ 10-თვიანი კონტრაქტი გავაფორმე. ეს გამოცდას ჰგავდა. „ვიტესი“ ქართველის კუთვნილება იყო. ამ გუნდში შანსი მომცეს და იქ 9 წელი გავატარე. როცა არნემში ჩავედი, ჩემი ინგლისური 10-ბალიანი სისტემით მხოლოდ 2-ს იმსახურებდა. სამი თვის განმავლობაში ინგლისურის შესწავლას 4-5 საათს ვუთმობდი და კარგადაც შევისწავლე. ასევე ნიდერლანდურიც ვისწავლე.

„ვიტესში“ „ლეგენდას“ მეძახდნენ. იმ შესანიშნავი დროის გამო ძალიან მადლიერი ვარ. „ვიტესთან“ კონტრაქტში გათვალისწინებული იყო კლუბში მუშაობა. ვფიქრობ, ეს ისევ ძალაშია. კარიერის დასრულების შემდეგ „ვიტესში“ დაბრუნებაზე და კლუბის მინდვრის გარედან დახმარებაზე ვფიქრობ. შეიძლება, ეს იყოს სკაუტის, მწვრთნელის, ან სხვა რომელიმე პოზიცია. მშვენიერი იქნება, თუ გამოვიდა.

მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდი, გულშემატკივრების სიყვარული და აღიარება მოვიპოვე. როცა ისინი ჩემს სახელს სკანდირებდნენ, ეს უფრო დიდი მოტივაცია იყო, რომ მინდორზე ბოლომდე დავხარჯულიყავი.

იოჰან კრუიფის სახელობის ინსტიტუტში საფეხბურთო მენეჯმენტს სამი წელი ვსწავლობდი, როგორც ფეხბურთის, ისე ბიზნესის კუთხით. კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარ თავს ვხედავ სპორტში და საფეხბურთო კლუბების ბიზნესმოდელების შესწავლა მინდა. მინდა, საქართველოს მოვახმარო ჩემი გამოცდილება და ჩემს ქვეყანას დავეხმარო.“