გურამ კაშია - კარგად დაცვა საკმარისი არაა, შეტევაში მეტი გამბედაობა გვჭირდება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ალბანეთთან ფრედ დასრულებული (0:0) შეხვედრა შეაფასა – მისი თქმით, წარმატების მისაღწევად მხოლოდ დაცვაში კარგი თამაში საკმარისი არაა.
„დაცვით ფაზაში ორგანიზებულები ვართ და ძალიან ცოტა მომენტს გვიქმნიან. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ამას ცოტა ბურთით თამაში, მეტი მომენტის შექმნა და გამბედაობა უნდა დავუმატოთ. თამაშს ვერ მოიგებ, თუ მომენტს ვერ შექმნი.
მეტი გვმართებს. წამყვანი ფეხბურთელები გვაკლდა და იმედი მაქვს, ოფიციალური თამაშებისთვის ჯანმრთელად იქნებიან. ისინი ძალას შეგვმატებენ და ჩვენს თამაშში უფრო მეტ კრეატიულობას შემოიტანენ.
დადებითად შევაფასებ ამ კვირას. ბოსნიასთან გამარჯვების შემდეგ, დღეს ძალიან მძიმე თამაში გვქონდა. ალბანეთი კარგი გუნდია, გასვლაზე ვითამაშეთ და ძალების აღსადგენად რამდენიმე დღე გვქონდა.
მსურს, ერთა ლიგის დაწყებამდე ყველა ჯანმრთელად იყოს, რადგან წამყვანი მოთამაშეების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. 10 დღეში ოთხი თამაში გვაქვს, რაც ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან რთულია. ამიტომ, ყველა მოთამაშე და, რაც მთავარია, კარგი სტარტი და ერთა ლიგის გამარჯვებით დაწყება გვჭირდება“.