საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ოფიციალურ შეხვედრას დღეს დუბლინში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისის დროით 23:45 საათზე ირლანდიას ავივა სტედიუმზე დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების წევრები იმედოვნებენ, რომ სტარტზე შვეიცარიასთან განცდილი მარცხის შემდეგ გუნდი სატურნირო მდგომარეობას ირლანდიასთან შეცვლის.
„ირლანდიასთან დომინანტები უნდა ვიყოთ. ბურთი უნდა დავიჭიროთ, მომენტები შევქმნათ და ბურთი გავიტანოთ. მთავარია, რომ გუნდმა დიდი კონცენტრაციით ითამაშოს. სამწუხაროა, რომ პირველი შეხვედრა ვერ მოვიგეთ, შვეიცარიამ მეორე ტაიმში დაგვჩაგრა და უქულოდ დავრჩით. მაგრამ ეს დასაწყისია და პირველ ტურში წაგება არაფერს წყვეტს. მთავარია, რომ მწვრთნელები, ფეხბურთლები და გულშემატკივრები პოზიტიურ განწყობაზე დავრჩეთ. ფეხბურთელებმა ბევრი რამ უნდა დავამტკოცოთ და სამი ქულისთვის ვიბრძოლოთ“ – ამბობს გურამ კაშია.
გიორგი ქვილითაია: „შვეიცარიასთან რთული თამაში რომ იქნებოდა, ეს წინასწარ ვიცოდით და ასეც მოხდა. ეს დასანანი მარცხი იყო, რომელიც უნდა დავივიწყოთ. ახლა მხოლოდ ირლანდიასთან თამაშზე ვფიქრობთ, შეცდომებს გავაანალიზებთ და შევეცდებით, მდგომარეობა გამოვაწოროთ. ირლანდიელები პრემიერლიგასა და პრემიერშიფში თამაშობენ და ალბათ აქცენტს ძალისმიერ ფეხბურთზე, ფლანგებიდან თამაშსა და კონტრშეტევებზე გააკეთებენ. შევეცდებით, მათი პლიუსები გავანეიტრალოთ და ლამაზად ვითამაშოთ, რასაც მაყურებელი ერთა ლიგაზე მიეჩვია“.
შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 23:45 საათიდან შემოგთავაზებთ.